პარტია "ახალი", "დროა" და "გირჩი-მეტი თავისუფლება" ახალ პოლიტიკურ
გაერთიანებას ქმნიან.
ამის შესახებ პოლიტიკურმა ლიდერებმა განცხადება ცოტა ხნის წინ
გააკეთეს.
პარტია „ახალის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას
განცხადებით, აღნიშნულ პარტიებს შორის მოლაპარაკებები
“ხანგრძლივი და რთული” იყო, ახლა კი ისინი ერთიან წინასაარჩევნო
კამპანიას დაიწყებენ.
მისივე თქმით, ახლა ერთიანობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და
მთავარი.
“ახალი”, “დროა” და “გირჩი - მეტი თავისუფლება” ვაცნობიერებთ
პასუხისმგებლობას ჩვენი ქვეყნის, სამშობლოს ისტორიის და
უმნიშვნელოვანესი მომენტის მიმართ, რომელიც დღეს უდგას საქართველოს და
რომელიც განსაზღვრავს მის მომავალს და ვიღებთ გადაწყვეტილებას
არჩევნებზე გამოვიდეთ ერთად”, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
რაც შეეხება ერთიან საარჩევნო ნომერსა და სახელს, გვარამია ამბობს,
რომ ნომერ 4-ზე შეთანხმებულები არიან, სახელზე კი მსჯელობენ.
“4-იანზე [საარჩევნო ნომერზე] შეჯერებული ვართ. სახელზე ვიმსჯელებთ,
ერთიანი გადაწყვეტილება გვჭირდება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის
კანდიდატს, რისი ერთგულიც ვართ, ვგულისხმობ სალომე ზურაბიშვილის
შეთანხმებას, არის ის, რომ პრემიერ-მინისტრი, მთავრობა იყოს
მაქსიმალურად დისტანცირებული პოლიტიკური სპექტრისგან და არ იყოს
არცერთი პოლოტიკური პარტიის წევრი”,- განაცხადა ნიკა
გვარამიამ.
ცნობისთვის, გუშინ, 8 ივლისს, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და “სტრატეგია
აღმაშენებელმა“, საარჩევნოდ, ახალი პოლიტიკური პლატფორმა „ერთიანობა
საქართველოს გადარჩენისთვის“
დააფუძნეს, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე 5
ნომრით წარდგება.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება.
ფოტო: ნეტგაზეთი
მასალის გამოყენების პირობები