ოპოზიციონერმა ქალმა პარლამენტარებმა, ქუთაისში, სამოქალაქო
საზოგადოებასა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამართეს.
პარლამენტარები თეონა აქუბარდია, ხატია დეკანოიძე, თამარ კორძაია, ანა
წითლიძე და სალომე სამადაშვილი, ქუთაისში, კამპანიის "პარლამენტარები
ევროპული მომავლისთვის" ფარგლებში იმყოფებოდნენ. აღნიშნული კამპანია
მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების გაძლიერებას ისახავს მიზნად.
შეხვედრაზე რუსულ კანონთან დაკავშირებით ისაუბრეს და ასევე მის
პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სამართლებრივ შედეგებზე საქართველოს
მოსახლეობაზე.
"ეს შეხვედრა არის ქალი დეპუტატების ანგარიში მოსახლეობას. ჩვენ
ვხვდებით საქართველოს მოქალაქეებს, ველაპარაკებით რა გავაკეთეთ, რა
უნდა გავაკეთოთ. მთავარი მესიჯი, რასაც გვეუბნებიან მოქალაქეები, არის
ის, რომ ისინი მზად არიან ცვლილებებისთვის. ესმით, რა არის ეს რუსული
კანონი, რომელიც ამ ქვეყანას აკარგვინებს ევროპულ ინტეგრაციის,
თავისუფლებას. ჩვენ ვივლით საქართველოს ყველა ქალაქში, ყველა სოფელში
იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ, თავიანთი არჩევანი
გამოხატონ არჩევნებზე, ყველამ ერთად შევძლოთ, რომ დავიცვათ ეს ქვეყანა
და შევუნარჩუნოთ თავისუფლება",- განმარტა ანა წითლიძემ.
შეხვედრაზე პოლიტიკოსმა თამარ კორძაიამ აღნიშნა, რომ ბევრი სამუშაო და
საბრძოლი გვაქვს, რადგან , მისივე თქმით, მოსახლეობის
გარკვეული ნაწილი რუსული კანონის საფრთხეს ჩვენს ყოველდღიურ
ცხოვრებაზე ვერ გრძნობს.
"ეს კანონი რომ შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს, ეს უნდა
ავუხსნათ მათ",- განმარტა კორძაიამ.
ოპოზიციონერი ქალი პარლამენტარები საჯარო შეხვედრებს საქართველოს
სხვადასხვა ქალაქში, მათ შორის, ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და
გორში გამართავენ.
მასალის გამოყენების პირობები