პარტია "ახალმა" რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.
პარტიის დამფუძნებლები ნიკა გვარამია და ნიკა მელია დღეს ზესტაფონში,
თერჯოლასა და ქუთაისში იმყოფებოდნენ, სადაც მოქალაქეებს შეხვდნენ.
როგორც ნიკა გვარამიამ ქუთაისში შეხვედრისას აღნიშნა, პარტია "ახალის"
მიზანია, დაეხმაროს ქართველებს, იპოვონ ბედნიერება, რომელიც ადამიანის
ფუნდამენტური უფლებაა.
მისივე თქმით, 26 ოქრომბერი ისტორიული თარიღია, ეს არის გადამწყვეტი
ბრძოლა საქართველოსთვის, სადაც ქართველი ერი სწორ არჩევანს
გააკეთებს.
"ძალიან მიყვარს იმერეთი. მგონია, რომ ძალიან ქართული კუთხეა და
ქუთაისი მგონია, რომ უკიდურესად კულტურული, ლამაზი, დიდი ისტორიის
მქონე ქალაქია. ვიყავით ზესტაფონის ბაზარში, ვიყავით თერჯოლაში,
შევხვდეთ ხალხსაც, ჩვენს აქტივსაც",- განმარტა ნიკა გვარამიამ.
პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ნიკა მელიას თქმით, სხვა პოლიტიკური
პარტიებისგან, პარტია "ახალი" იმით განსხვავდება, რომ გავლენებისგან
თავისუფალი პარტიაა. მისივე განმარტებით, დაიწყეს აქტიური
საარჩევნო ბრძოლა, უნდა დააარწმუნოთ ადამიანები, რომ არჩევნებზე
მოვიდნენ.
"ვემზადებით ძალიან სერიოზულად, პასუხისმგებლიანად გამარჯვებისთვის,
ამ ქვეყნის სახელით. მიგვაჩნია, რომ პარტია "ახალმა" არც თუ ისე
მოკრძალებული წვლილი უნდა შეიტანოს საერთო ოპოზიციურ ბრძოლაში. ასევე,
მიმაჩნია, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მაქსიმალურად ყველაფერი უნდა
გავაკეთოთ იმისათვის, რომ არცერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს,
მოხდეს საზოგადოების მობილიზაცია. ასეთ შემთხვევაში არა უბრალოდ
წააგებს "ქართული ოცნება", არამედ წააგებს დიდი სხვაობით ",- განმარტა
ნიკა მელიამ.
პარტია "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილმა თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ და
"მთავარი არხის" ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ
პარტია "ახალი" მიმდინარე წლის მაისში შექმნეს. მათი საარჩევნო
ნომერი 4 იქნება.
26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნების
გაიმართება.
"ქუთაისიპოსტი" ქუთაისში ყველა პოლიტიკური პარტიის
აქტივობას თანაბარ პირობებში გააშუქებს.
მასალის გამოყენების პირობები