ვეტოს დაძლევისა და რუსული კანონის მიღების შემდეგ, „ოცნების“
დეპუტატები უხერხულობას ვერ გრძნობენ, პირიქით, ამტკიცებენ, რომ ეს
კანონი ქართველი ხალხის არჩევანია.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუატატი ზაზა ლომინაძე, რომელმაც რუსულ კანონს
წელს უკვე მეოთხედ დაუჭირა მხარი, ამბობს, რომ უმრავლესობა ისე
მოიქცა, როგორც საქართველოს სახელმწიფოს ეკადრება.
„თუ გაახელთ თვალებს, დაინახავთ და თუ არ გინდათ თვალების გახელა, ვერ
დაინახავთ. ჩვენ ვიქცევით ისე, როგორც ეკადრება საქართველოს
სახელმწიფოს, დემოკრატიულ სახელმწიფოს, მის ევროპული განვითარების
გზას“, - ამბობს ლომინაძე.
საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა
კვიჟინაძე კი ამტკიცებს, რომ ამ კანონის მიღებით ქვეყანამ წინ
წაიწია.
„იცით, რა თქვა ჩერჩილმა, დემოკრატია არის ყველაზე ცუდი, მაგრამ
უკეთესი დღეს კაცობრიობას არ მოუგონიაო. ხელისუფლება იღებს იმ
გადაწყვეტილებას, რასაც საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა
გადაწყვეტს. რისი გეშინიათ? მთავარი რა არის იცით? 4 თვეში
არჩევნებია, თუ ერთი დღე უნდა გაუქმებას, გააუქმეთ. ჩვენ უკან არ
დაგვიხევია, წინ წავედით",- ამბობს პაატა კვიჟინაძე.
ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი
ბეჟან წაქაძეც თვლის, რომ “პარლამენტმა ეს კანონი ხალხის სახელით
მიიღო“.
„დასასანქცირებელი კი „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, როდესაც ხალხს
აწამებდა და სისხლის გუბეები დააყენა და ისინი არ დაუსანქცირებიათ,
დემოკრატიის შუქურად აცხადებდნენ”, - განმარტავს ბეჟან წაქაძე.
შვიდსაათიანი განხილვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის
მოტივირებული შენიშვნები არ გაიზიარა, დაძლია „აგენტების კანონზე“
დადებული ვეტო და 84 ხმით რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. პროცესი,
თბილისსა და რეგიონებში, საპროტესტო აქციებიის ფონზე წარიმართა.
კანონპროექტი 3 დღის ვადაში საქართველოს პრეზიდენტს ხელმოსაწერად
გადაეცემა. თუ სალომე ზურაბიშვილი დოკუმენტს ხელს არ მოაწერს,
პრეზიდენტისთვის კანონპროექტის დაბრუნებიდან ხუთი დღის ამოწურვის
შემდეგ, კანონი პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის
ხელმოწერით გამოქვეყნდება.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები