სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ" იგივე რუსულ კანონთან დაკავშირებით საქართველოს
პარლამენტს მოუწოდა, არ დაძლიოს ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა ამ კანონს
დაადო.
როგორც ომბუდსმენმა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე
განაცხადა, გამჭვირვალობას მიესალმება, თუმცა აღნიშნა, რომ კონკრეტულ
კანონებში ცვლილებების შეტანით ამ მიზნის მიღწევა თავისუფლად იყო
შესაძლებელი.
„ის სიტუაცია და დაძაბულობა, რაც დღეს ქვეყანაშია, საჭიროებს მეტი
პასუხისმგებლობის გამოჩენას და იმ ყველაფრის გათვალისწინებას, რაც
უკვე, თითქმის, ორი თვეა თბილისის ქუჩებში მიმდინარეობს. მიზანი,
რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ უფრო მაღალი სტანდარტი იყოს
დაწესებული საქართველოში უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების
გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ არის ლეგიტიმური,
თუმცა ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის არსებულ
კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის
მიღწევას. ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე
მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს, ამიტომ დღეს
შესაძლებელია, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ამ ვეტოს
დაძლევაზე, მით უმეტეს, გვაქვს ამის კარგი მაგალითები და გადაავადოს
ამ ვეტოს დაძლევა, რითაც გაჩნდება სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ
სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე. ეს
აბსოლუტურად უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რომელიც ამ
კანონმდებლობითაა გათვალისწინებული“,- განაცხადა ლევან
იოსელიანმა.
მისივე განმარტებით, ხშირად, უკან დახევა არა სისუსტის, არამედ
სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. ამიტომ, მოუწოდა დეპუტატებს, შეძლონ
კანონზე სამუშაოდ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა.
„მესმის ის დაძაბულობა, რაც ქვეყანაშია. ამ კანონს ჰყავს როგორც
მომხრეები, ისე ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული
პასუხისმგებლობა ყოველთვის გააჩნია ხელისუფლებას. ხშირად, ჩემი აზრით,
უკან დახევა ეს არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს.
მოგიწოდებთ, ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა
დაადო ამ კანონს.
მიმაჩნია, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნები,
ისეთი პროექტი, რომელიც გააჩენდა ამ შესაძლებლობასა და დისკუსიის
სივრცეს. სამწუხაროდ, ის რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა
და სწორედ ამიტომაც არის ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანი, რომ
გავიაზროთ ეს მოცემულობა და პარლამენტმა თავისი მოქმედებით, ვეტოს არ
დაძლევით, შეძლოს ამ სადისკუსიო სივრცისა და შესაძლებლობის გაჩენა“,-
განმარტა ომბუდსმენმა.
დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა მიმდინარეობს,
სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე
პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განიხილება.
მასალის გამოყენების პირობები