თუ მთავრობა უარს იტყვის მზარდ ანტიდასავლურ რიტორიკაზე და
დემოკრატიისთვის დამანგრეველი ნაბიჯების გადადგმას, აშშ-ში
განიხილავენ საქართველოსთვის ეკონომიკური და სამხედრო უსაფრთხოების
მხარდაჭერის ყოვლისმომცველ პაკეტს.
საუბარია, ამერიკასთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციაზეც. ამის
შესახებ გამოცემა POLITICO წერს.
აღნიშნული კანონპროექტი კონგრესს ამ კვირაში წარუდგინა სამხრეთ
კაროლინის რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო
ვილსონმა. კანონპროექტის თანახმადაც, იმ პირობით თუკი
მთავარი პოლიტიკური კრიტერიუმი დაკმაყოფილდება, აშშ
საქართველოსთან დაიწყებს "მსხვილ შერჩევით სავაჭრო რეჟიმს",
კანონპროექტს ჰქვია MEGOBARI Act (Mobilizing and Enhancing Georgia’s
Options for Building Accountability, Resilience, and Independence
Act).
სამხედრო დახმარების პაკეტში იგულისხმება უსაფრთხოების და თავდაცვის
აღჭურვილობის უზრუნველყოფა, რომელიც იდეალურია რუსული აგრესიისგან
ტერიტორიული თავდაცვისთვის და ასევე ოპერაციებს შესაბამისი წვრთნების,
ტექნიკური უზრუნველყოფისა და მხარდაჭერის ელემენტებით".
თუმცა პროგრამა ამოქმედდება მხოლოდ მაშინ, თუკი აშშ დაადასტურებს, რომ
"საქართველომ აჩვენა მნიშვნელოვანი და მდგრადი პროგრესი დემოკრატიის
ხელახალი აღორძინების მიმართულებით, რისი მინიმალური დასტური იქნება
მნიშვნელოვნად სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და დაბალანსებული
წინასაარჩევნო გარემო".
POLITICO მანამდე აღნიშნავდა, რომ ჯო ვილსონის კანონპროექტი
ითვალისწინებს ინდივიდუალურ სანქციებს მმართველი პარტიის, "ქართული
ოცნების" პოლიტიკოსებისთვის და მთავრობის სხვა წარმომადგენლებისთვის -
იმ შემთხვევაში, თუკი ისინი დანერგავენ რუსული სტილის "უცხოეთის
აგენტების" კანონს.
"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და
ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნებაა".
კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის
ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო
(არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების
რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა -
კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.
კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო
წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის
დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად,
ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების
ვალდებულება ექნებათ.
კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის
გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს
ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი
განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა,
რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს
შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის
სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური
ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ
სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო
მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია"
ჩაიწერა.
პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ
სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის
კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო,
იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის
საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად
დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.
მასალის გამოყენების პირობები