იმ შემთხვევაში,
თუკი პარლამენტი ვეტოს დაძლევს და ძალაში შევა რუსული კანონი,
შესაძლოა, აშშ-მ და ევროკავშირმა ის პირები დაასანქციროს, რომლებმაც
მხარი დაუჭირეს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს.
დასანქცირებულ პირებს შორის შესაძლოა აღმოჩნდნენ იმერეთიდან
მაჟორიტარი დეპუტატები, რომლებმაც ხმა მისცეს რუსულ კანონს.
ზაზა ლომინაძე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატია. მან სამივე მოსმენაზე
მხარი დაუჭირა ანტიდემოკრატიულ კანონპროექტს. მისი სათქმელი მხოლოდ ის
არის, რომ "მეგობრები მეგობრებს არ ასანქციერებენ".
„მეგობრები მეგობრებს არ ასანქცირებენ და თუ მსოფლიოში მოხდება
პრეცენდენტი და დავსანქცირდებით "გამჭირვალობის კანონის" მიღებასთან
დაკავშირებით, მზად ვარ, ვიყო 85 დეპუტატატს შორის, რომლებმაც ქვეყნის
კეთილდღეობის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება მივიღეთ“, - გვითხრა ზაზა ლომინაძემ.
ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა
ბეჟან წაქაძემ იცის, რომ სანქცია ცუდია, თუმცა აღნიშნავს, რომ მისთვის
პრობლემას არ წარმოადგენს.
"ცუდია, რა თქმა უნდა, თუ მათ სანქციები გაატარეს, მაგრამ არამგონია
გაატარონ. თუ გაატარებენ, არავითარი პრობლემა ეს არ არის, რადგან
სასწორის ერთ მხარეს დევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და მეორე
მხარეს რაც არ უნდა დადონ, ვერ გადაწონის ამას. ამიტომ მზად ვარ
სანქციებისთვის. სხვაგანაც ვთქვი და ახლაც გავიმეორებ, ჩემთვის
ყველაზე დიდი შეზღუდვა იქნებოდა, აკერძალათ ჩემს რეგიონში, იმერეთში,
ზესტაფონში, ჩემს სოფელ მეორე სვირში ჩასვლა, ამით ძალიან ცუდ დღეში
ჩავვარდებოდი. ამას ვერ ამიკრძალავენ და დანარჩენი, რაც უნდათ ის
მიიღონ. საქართველოს სუვერენიტეტს ფასი არ აქვს. მათი გადასაწყვეტია
რა სანქციებს დააწესებენ, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი გამოვლინება,
თუ როგორი ორმაგი სტანდარტებია მსოფლიოში", - განმარტავს მაჟორიტარი
დეპუტატი.
რაც შეეხება დანარჩენ ორ დეპუტატს, სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და
ხონის მაჟორიტარ გივი ჭიჭინაძესა და საჩხერის, ჭიათურისა და
ხარაგაულის მაჟორიტარ პაატა კვიჟინაძეს, მათ ჩვენს სატელეფონო ზარებს
არ უპასუხეს.
ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის
თანაშემწემ ჯიმ ო'ბრაიენმა, 14 მაისს, თბილისში, ოფიციალური ვიზიტის
ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ე.წ. აგენტების
კანონის მიღებას, თუკი ის ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ
შეიცვლება, აშშ-ის ფინანსური და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესება
მოჰყვება პასუხისმგებელი პირებისთვის.
ჯიმ ო'ბრაიენმა საქართველოში ვიზიტისას პირველი შეხვედრა საქართველოს
პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან გამართა. მანამდე კობახიძემ
თქვა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა
ჯიმ ო'ბრაიენს შეხვედრაზე უარი უთხრა.
საქართველოს პარლამენტმა „აგენტების კანონი“ მესამე მოსმენით 14 მაისს
მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში ერთ თვეზე მეტია, რაც
კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ,
რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან
შეუთავსებელია.
ამავე თემაზე:
პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები იმერეთიდან,
რომლებმაც რუსულ კანონს მხარი დაუჭირეს
მასალის გამოყენების პირობები