"ქართულმა ოცნებამ" რუსულ კანონში ("უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ") ცვლილება შეიტანა,
ცვლილების თანახმად, კანონი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება.
ამის შესახებ მონიტორინგის ნაწილში, ანუ
კანონის მე-8 მუხლის მესამე პუნქტშია
საუბარი.
„3. მონიტორინგის განსახორციელებლად საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს, კანონის
შესაბამისად მოიძიოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, "პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 მუხლის "ბ"
ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემი, სხვა პერსონალური მონაცემი და
საიდუმლოების (გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული
სახელმწიფო საიდუმლოებისა) შემცველი ინფორმაცია.
ყველა ის პირი, ორგანო, ორგანიზაცია, დაწესებულება, რომელსაც
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირი მოსთხოვს
ამ ინფორმაციის წარდგენას, ვალდებულია დაუყოვნებლივ წარუდგინოს მას
თავის ხელთ არსებული აღნიშნული ინფორმაცია".
რა ინფორმაცია შეიძლება მოითხოვონ თქვენგან?
"ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი "საჭირო ინფორმაცია" არა მარტო თქვენზე,
არამედ სხვაზეც მოთხოვნის ზუსტი ფარგლები ბუნდოვანია, მაგრამ
ზოგიერთი რამ პირდაპირ ჩაწერეს და ესაა "განსაკუთრებული კატეგორიის
მონაცემები"", წერს იურისტი ვახუშტი მენაბდე სოციალურ ქსელში.
"ბ) განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემი − მონაცემი,
რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან,
პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან,
პროფესიულ კავშირში გაწევრებასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან,
სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ
პატიმრობასთან, პირისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, პირთან
საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის
მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან, აგრეთვე
ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული
ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა"
(კანონი პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ).
სახელმწიფოს შეეძლება ფიზიკური პირებისთვის პერსონალური ინფორმაციის
მოთხოვნა და მათი დაჯარიმება.
ესეც "რუსულ კანონში" შეტანილი სიახლეა.
"კანონი ფიზიკურ პირებზე გაავრცელა პარლამენტმა. თუმცა იქამდე
უმრავლესობა გვარწმუნებდა, რომ ის მარტო ორგანიზაციებს შეეხებოდა...თუ
თქვენ, კერძო პირს სამინისტრო რომელიმე ორგანიზაციის მონიტორინგის
ფარგლებში მოგთხოვთ, რომ ინფორმაცია წარუდგინოთ და თქვენ ამას
დაუყოვნებლივ არ გააკეთებთ დაჯარიმდებით. ჯარიმის ოდენობა 5000 ლარია,
" - წერს ვახუშტი მენაბდე.
როგორც "სამოქალაქო საზოგადოების ფონდის" იურისტი, საბა ბრაჭველი
მიუთითებს თუ აქამდე ჩვეულებრივ მოქალაქეზე კანონის გავლენა შეიძლება
არაპირდაპირი და დროში გაწელილი ყოფილიყო, ახლა კანონი უფრო
დამძიმდა.
"ახლა უკვე პირდაპირ და დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ კი, ეს
კანონი ყველას შეგეხებათ. ახლა უკვე ღიად, აშკარად წერია, რომ ულიმიტო
და შეუზღუდავი დაჯარიმებების მექანიზმი, ინფორმაციის და საიდუმლოს
ულიმიტოდ და შეუზღუდავად გაცემის ვალდებულება ფიზიკურ პირებზეც
ვრცელდება", – წერს საბა ბრაჭველი სოციალურ ქსელში.
აღნიშნული ჩანაწერები კანონის მესამე მოსმენით დამტკიცებულ ვერსიაში
გაჩნდა.
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო
მოსმენით, გუშინ, 14 მაისს, მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა
დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 30. კანონპროექტის მესამე მოსმენით
განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე
დააყენეს.
პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს
ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს
იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა
სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები