„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს, იგივე რუსულ
კანონს, მესამე მოსმენით, 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
მათ შორის არიან მაჟორიტარი დეპუატატები იმერეთიდან:
ზაზა ლომინაძე - ქუთაისის მაჟორიტარი დეპუატატი;
ბეჟან წაქაძე - ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის
მაჟორიტარი დეპუტატი;
გივი ჭიჭინაძე - სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის
მაჟორიტარი;
პაატა კვიჟინაძე - საჩხერის, ჭიათურისა და ხარაგაულის მაჟორიტარი
დეპუტატი;
რუსულ კანონს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე, მესამე, საბოლოო
მოსმენით, გუშინ, 14 მაისს, მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა
დაუჭირა, წინააღმდეგი იყო - 30. კანონპროექტის მესამე მოსმენით
განხილვა რამდენიმე წამს გაგრძელდა, რის შემდეგაც ის კენჭისყრაზე
დააყენეს.
პარლამენტი სამი მოსმენით მიღებულ კანონპროექტს პრეზიდენტს
ხელმოსაწერად ათი დღის ვადაში გაუგზავნის. პრეზიდენტს ორი კვირა აქვს
იმისთვის, რომ დოკუმენტს ხელი მოაწეროს ან ვეტო დაადოს.
კონსტიტუციით დადგენილი არ არის, რამდენ ხანში უნდა განიხილოს
პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ დაბრუნებული მოტივირებული შენიშვნები.
პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას კი პარლამენტში ზუსტად იმდენი ხმა
სჭირდება, რამდენიც კანონპროექტის მიღებას.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელიც
ფრაქცია "ქართული ოცნების" სახელით არის რეგისტრირებული, შინაარსით
გასულ წელს ინიცირებული და საპროტესტო აქციების შედეგად გაწვეული
პროექტის ანალოგიურია.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები