პოლიტიკა
''ვეტოს დადებით არ შევალ ყალბ, ხელოვნურ მოლაპარაკებებში" - საქართველოს პრეზიდენტი
FaceBook

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა.


შეხვედრის დასრულების შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მათი საუბრის თემა აგენტების შესახებ კანონი იყო, რომლისთვისაც ვეტოს დადებას აპირებს.

''ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ რა მძიმე წერტილი დაისვა გუშინდელი გადაწყვეტილებით - კენჭისყრაზე 84 ადამიანის მხარდაჭერით, რომელიც მძიმე წერტილი იმ ხელისუფლებისათვის, რომელმაც თქვა, რომ ევროპულ გზაზე მივდიოდით; ეს არის წერტილი, რომელიც აჩვენებს, რომ ხელისუფლებამ არ მოისმინა არც თვისი ხალხის ხმა, არც თავისი მეგობრების რჩევები, არც არავის გაფრთხილება და თავის გზას შეუდგა. ეს არის გზა, მცდელობა, რომ საქართველო, რომელიც კანდიდატის სტატუსის მიღების შემდეგ მყარად იდგა შუა გზაზე და გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინში იყო, რომ ამ ძალიან სერიოზული გზიდან გადაყვანილი ყოფილიყო და დაბრუნებული ყოფილიყო წარსულში.

ეს არის მცდელობა, რომელსაც ხალხმა, საქართველოს საზოგადოებამ პრაქტიკულად 30 დღიანი ყოველდღიური გამოსვლებით და თავისი პოზიციის დაფიქსირებით უპასუხა. ეს იმას ამტკიცებს, რომ ის ციფრები, რომელზედაც ყველა ვსაუბრობდით, ჩვენი საზოგადოების 80-85%-იანი მხარდაჭერა ევროპულ მომავალს არ იყო მხოლოდ ციფრები და ეს რეალობაა, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ და ამით შეგვიძლია ყველამ ნამდვილად ვიამაყოთ.

ეს არის იმის მტკიცებულება, რომ ეს საზოგადოება ნამდვილად დგას ევროპულ ღირებულებებზე. დემოკრატიულობა და თავისუფლება ის ევროპული ღირებულებებია, რისთვისაც საქართველო იბრძოდა. ამ ღირებულებებით და ამ შემართებით ეს საზოგადოება არასოდეს დაუბრუნდება რუსულ წნეხს.

ჩვენ ვისაუბრეთ შემდგომი ნაბიჯების შესახებ. მე ძალიან გარკვეულად ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს ავუხსენი, რომ არავითარ შემთხვევაში, ვეტოს დადებით არ შევიდოდი რაღაც ყალბ, ხელოვნურ, მატყუარა მოლაპარაკებებში - არა და არასოდეს!!! რადგან არ ვუღალატებ არსებულ სულისკვეთებას ქვეყანაში, რომელსაც სჭირდება რომ გზა გაეხსნას.
ამ გზავნილს მიიტანენ ჩვენი მეგობრები ყველგან, სადაც საჭიროა, რათა არავინ იფიქროს, რომ საქართველოს პრეზიდენტის გამოყენება შეიძლება ამ ხელისუფლების რაღაც სახის გადასარჩენად. დღეს ეს საკითხი არ დგას, დგას საქართველოს გადარჩენის საკითხი.

ამისთვის, ჩვენს მეგობრებს გავაცანი ჩვენი სამომავლო გეგმები, როგორი უნდა იყოს ის ევროპული პლატფორმა, რომელზეც უკვე რამდენიმე კვირაა ვმუშაობ, რომელიც ჩამოყალიბებულია და რომელსაც ოფიციალურად წარვუდგენ ჩვენ მოსახლეობას, მაგრამ ყველამ იცის, რომ ეს გადაწყვეტილებების ის ერთობლიობაა, რომელიც საქართველოს მიიყვანს არჩევნებამდე - ერთად და მობილიზებულად, რომელიც ამ არჩევნებით საქართველოს თავის გზაზე დააბრუნებს. ჩვენი უახლოესი მომავალი არჩევნებისთვის, მშვიდობიანი გზისთვის მობილიზაცია, სადაც ჩვენ ყველანი ერთად, უთუოდ, გავიმარჯვებთ, რათა საქართველო სამშვიდობოზე და ევროპულ გზაზე გავიყვანოთ,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი იგივე რუსული კანონი პარლამენტმა გუშინ, 14 მაისს დაამტკიცა.
კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 დეპუტატი კი წინააღმდეგი იყო. პროექტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს უნდა გადაეცეს.

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" პროექტის ავტორი და ინიციატორია ფრაქცია "ქართული ოცნება".

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს. რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

კანონპროექტი "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად" იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს. პროექტის პირველი მოსმენით წარდგენილ ვარიანტში ეწერა, რომ მონიტორინგის დაწყების საფუძველი იქნება იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება და იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას შეიცავს". განხილვის პროცესში ტერმინი "სათანადო მინიშნება" შეიცვალა და მის ნაცვლად "სათანადო ინფორმაცია" ჩაიწერა.

პროექტის გათვალისწინებით, თუ მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ სუბიექტი უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მაგრამ მან უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციას თავი აარიდა, სააგენტო, იუსტიციის სამინისტროს "შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიმართვის საფუძველზე", მას უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დაარეგისტრირებს, რაც აღნიშნულ სუბიექტს კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისგან არ გაათავისუფლებს.

უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით. პროექტით ასევე გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: - იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას - 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში - 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა - 20 ათასი ლარი.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.