"ხელს ნუ აღმართავთ მომავალზე"; "ხელს ნუ აღმართავთ ჩვენს
შვილებზე"; "დადექით ხალხის გვერდით!“- ამ წარწერით პლაკატები
მიიტანეს დღეს, იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის წინ „ლელოს“ ქუთაისის
ორგანიზაციის წევრებმა.
ორგანიზაციის თავმჯდომარის ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადებით,
ქუთაისის პოლიციის თანამაშრომლებს თბილისში, „რუსული კანონის“
საწინააღმდეგო მშვიდობიანი აქციების დასაშლელად წასაყვანად
ამზადებენ.
მისი თქმით, აქვთ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქუთაისელ პოლიციელებს
არ უნდათ მიიღონ მონაწილეობა თბილისში გამართული აქციების დროს ე.წ.
“წესრიგის დაცვაში“, რომელიც ხშირად აქციის მონაწილე ახალგაზრდების
დარბევით მთავრდება, თუმცა მათ სადამსჯელო ოპერაციებში ჩართვას
აიძულებენ.
„ქუთაისელი პოლიციელები ყოველთვის გამოირჩეოდნენ სახელმწიფოებრივი
აზროვნებით. დღესაც, როცა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის ბედი
წყდება, როცა ხელისუფლებამ პრაქტიკულად ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად
განაცხადა, რომ საქართველო უნდა გახდეს არა ევროპული ოჯახის, არამედ
მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საძულველი რუსეთის იმპერიის
ნაწილი.
გვინდა მოვუწოდოთ ქუთაისელ პოლიციელებს: დადექით ხალხის გვერდით ისე,
როგორც ეს არაერთხელ გაგიკეთებიათ, დადექით ისტორიის სწორ მხარეს,
ხელს ნუ შეუწყობთ ქვეყნის ძალადობრივ იზოლაციას დემოკრატიული
სამყაროსგან, ნუ მიიღებთ მონაწილეობას ჩვენი ახალგაზრდა თაობის
წინააღმდეგ მიმართულ რეპრესიებში, ნუ დაუკარგავთ მათ ევროპულ
მომავალს“ , - განაცხადა ალექსანდრე მიქაუტაძემ.
ერთ თვეზე მეტია საქართველოს სხვადასხვა ქალაქში საპროტესტო აქციები
არ წყდება. მოქალაქეები რუსული კანონი უკან გაწვევას ითხოვენ.
შესაბამისი მოთხოვნით, წუხელ აქციის მონაწილეებმა თბილისში ღამე
გაანათეს, სადაც კიდევ ერთხელ ფიზიკურად გაუსწორდნენ მშვიდობიან
მოქალაქეებს.
შინაგან საქმეთა სამინისტრის ინფორმაციით, დილით 20 ადამიანი
დაააკვეს.
ქართულმა ოცნებამ“ რუსული კანონი, დღეს, პარლამენტის იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი
დაუჭირეს.
კანონპროექტის მიხედვით, ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსების 20%-ზე
მეტს უცხოეთიდან იღებენ „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებლის“
სტატუსი მიენიჭებათ. კანონპროექტი უცხოური ძალის ინტერესების
გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვალდებულებას ადგენს, რომლის
დარღვევისთვის ფინანსური სანქციებია გათვალისწინებული.
ანალოგური შინაარსის კანონი რუსეთშიც მოქმედებს, რაც დამოუკიდებელი
მედიასაშუალებებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფაქტობრივი
გაქრობის მიზეზი გახდა.
ამ კანონს, რომლის მიზანიც ქვეყანაში დასავლური დაფინანსების მქონე
ორგანიზაციების დისკრედიტაცია და შეზღუდვაა, საქართველოში არაერთი
საზოგადოებრივი ჯგუფი ეწინააღმდეგება. ამასთან, წინააღმდეგია აშშ,
ევროკავშირი და არაერთი დასავლური ორგანიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები