მას შემდეგ, რაც ქუთაისის ენმ-ის წევრები ყოფილმა თანაგუნდელებმა
თავიანთი
ფრაქციიდან გარიცხეს, ფრაქციას ''ნაციონალური
მოძრაობა'' სახელი შეუცვალეს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, აღნიშნული
ფრაქცია ''პროგრესული პლატფორმის'' სახელწოდებით იფუნქციონირებს
და "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი 7 დეპუტატით იქნება
დაკომპლექტებული.
სახელშეცვლილი ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კილაძე იქნება,
ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები კი ქეთევან ხურციძე და გაგა
მანაგაძე.
„მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ფრაქციის სახელი შეცვლილიყო და ახალი
რეალობა შემოგვეთევაზებინა ქუთაისელებისათვის. სამომავლოდ, ეს გუნდი
ითანამშრომლებს ნიკა მელიასთან, პარტია „ახალთან“, რომლის ყროლობაც
მალე გაიმართება. მსგავსი ყრილობა იქნება ქუთაისშიც და შემდეგ
განვაცხადებთ ჩვენს გეგმებს ღიად, თუ ვისთან და როგორ
ვითანამშრომლებთ",- განმარტა ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი
კილაძემ.
ქუთაისის საკრებულოში, ამ ეტაპზე, უფრაქციოდ ''ნაციონალური
მოძრაობის'' 5 წევრია დარჩენილი.
ადგილობრივ თვითმმართველობის შესახებ კანონში 2021 წელს შესული
ცვლილების მიხედვით, საკრებულოში ერთი პარტიით შესულ წევრს სხვადასხვა
სახელობის ფრაქციის შექმნის უფლება არ აქვთ.
„გვაჯობეს იმით, რომ უმრავლესობაში იყვნენ, ამიტომ ახალი ფრაქციის
შექმნის უფლება არ გვაქვს“,- განმარტავს „ნაციონალური მოძრაობის წევრი
ხათუნა არველაძე.
''ნაციონალური მოძრაობის'' ყოფილი წევრები ყოფილი თანაგუნდელების
ფრაქციიდან გარიცხვას რომ აპირებდნენ, ამის შესახებ ენმ-ს ინფორმაცია
ჯერ კიდევ გასულ წელს ჰქონდა. ამასთან დაკავშირებით ''ნაციონალური
მოძრაობის'' ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა ბრიფინგიც გამართეს და
პარტიის ყოფილი წევრები პოლიტიკურ
თაღლითობაში დაადანაშაულეს.
გასული წლის 11 დეკემბერს ენმ ქუთაისის საკრებულოს 12 დეპუტატიდან
7-მა დატოვა და ნიკა მელიას გუნდს შეუერთდა, თუმცა ''ნაციონალური
მოძრაობის'' ყოფილი დეპუტატები ფრაქციიდან არ წასულან.
დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო,
სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის
ხელმძღვანელი გახდა.
ქუთაისის საკრებულოში ამ დროისთვის ორი ფრაქციაა: "ქართული ოცნება" და
"პროგრესული პლატფორმა".
ამავე თემაზე:
"ნაციონალური მოძრაობის'' წევრები ყოფილმა
თანაგუნდელებმა თავიანთი ფრაქციიდან გარიცხეს
"პარტიიდან გასულები გეგმავენ ჩვენი ფრაქციიდან
გარიცხვას"- რა ხდება "ენმ"-სა და ყოფილ თანაგუნდელებს შორის
მასალის გამოყენების პირობები