საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების
მოთხოვნით, ხელმოწერების შეგროვება თბილისის და რუსთავის შემდეგ
ქუთაისშიც დაიწყო.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და
მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძე ქუთაისში ამ
მიზნით მოსახლეობას შეხვდნენ.
''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრების განცხადებით, რუსეთის
ციხეში ოპოზიციონერი ლიდერის ალექსეი ნავალნის გარდაცვალებამ კიდევ
ერთხელ დაარწმუნათ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის
გათავისუფლება.
''ასობით ჩვენი თანამოქალაქე სხვადასხვა ქალაქში, სხვადასხვა
მუნიციპალიტეტში ადგილებზე მოდიან ოფისებში და უერთდებიან მიხეილ
სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნას. უმნიშვნელოვანესია მთავარი
ოპოზიციონერი ლიდერი 2024 წლის არჩევნებზე იყოს თავისუფალი,'' -
განმარტა ქუთაისში ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' თავმჯომარემ
ლევან ხაბეიშვილმა.
ხელმოწერების შეგროვება მთელი საქართველოს მასშტაბით გაგრძელდება. 1
მარტს კი ხელმოწერებს საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს
გადასცემენ.
ხელმოწერების შეგროვება ცისფერყანწელების ქუჩა N3-ში, პარტია
"სტრატეგია აღმაშენებელის" ოფისში მიმდინარეობს.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 3 წელია
პატიმრობაშია. ის 2021 წლის 1 ოქტომბერს, თვითმმართელობის არჩევნების
წინა დღეს დააკავეს. ექსპრეზიდენტს სასამართლომ პატიმრობა დეპუტატ
ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების
საქმეზე მსჯავრდადებულთა შეწყალების გამო მიუსაჯა. მიხეილ სააკაშვილის
წინააღმდეგ კიდევ სამი საქმეა აღძრული.
დაკავების დღეს ექსპრეზიდენტმა შიმშილობა გამოაცხადა და პირველ ეტაპზე
50 დღე იშიმშილა, რის შედეგადაც, მისი მდგომარეობა თანდათან დამძიმდა
და საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ
სააკაშვილი 2022 წლის 12 მაისის შემდეგ იმყოფება.
იმის გამო, რომ ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა,
ადვოკატებმა სასჯელის გადავადების ან მისი სასჯელისგან გათავისუფლების
მოთხოვნით თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებს მიმართეს,
თუმცა მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ამის შემდეგ მიხეილ სააკაშვილის
უფლებადამცველებმა მიმართეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა
სასამართლოს და მოითხოვეს დაუყოვნებელ ზომად გამოყენებულიყო მისი
საზღვარგარეთ გადაყვანა. სასამართლო საქმის განხილვას განაგრძობს,
თუმცა ეს ნაწილი არ დააკმაყოფილა.
მასალის გამოყენების პირობები