წინასაარჩევნო კამპანიის მომზადების მიზნით, ირაკლი ღარიბაშვილი,
მარტიდან, რეგიონებში გასვლას და შეხვედრებს გეგმავს.
ამის შესახებ მან "ქართული ოცნების" თავმჯდომარის რანგში გამართულ
პირველ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.
„მარტიდან, მომდევნო 100 დღის განმავლობაში, ვგეგმავ ათ რეგიონში
ჩასვლას. მექნება ათი გასვლითი ღონისძიება. ვაპირებ, შევხვდე ჩვენი
პარტიის წარმომადგენლებს, რაიონული ორგანიზაციების ხელმძღვანელებს,
ჩვენს აქტივს, მოსახლეობას, რათა ადგილზე გავეცნო მათ საჭიროებებს.
მთავარი მიზანი ამ შეხვედრების იქნება რეალურად წინასაარჩევნო
კამპანიის მომზადება, ჩვენი პარტია უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის“,-
განმარტა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ გაცხადებული მიზანი საპარლამენტო
არჩევნებზე მაქსიმალური შედეგის დადებაა.
„ამისთვის საჭიროა მაქსიმალური მობილიზაციის გაკეთება, ჩვენი
რესურსების, ჩვენი აქტივის მთლიანად მობილიზება, რომ მივიღოთ ძლიერი
გამარჯვება და ძლიერი შედეგი ამ არჩევნებზე. კიდევ გავიმეორებ ჩვენს
მიზანს – ჩვენი მიზანია, მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა მომდევნო
საპარლამენტო არჩევნებზე“- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
საქართველოს პარლამენტის არჩევნები 2024 წლის ოქტომბერში
ჩატარდება.
მასალის გამოყენების პირობები