ოპოზიციური პოლიტიკური პარტია "ლელო-საქართველოს" ქუთაისის
ორგანიზაციის ხელმძღვანელი ქუთაისის აეროპორტის ახალი ავტოსადგომის
მშენებლობის ვადების გაჭიანურებასა და პროექტის ღირებულების გაზრდას
აპროტესტებს.
ალექსანდრე მიქაუტაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს,
საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ პროექტის დასრულების შესახებ
ინფორმაცია გამოაქვეყნა, ავტოსადგომის მოწყობა ჯერ დასრულებული არ
არის.
"დაახლოებით 5 თვე გვაქვს ვადაგადაცილება. აეროპორტების გაერთიანება
აკეთებს განცხადებას, რომ პროექტი დასრულდა, თუმცა აქ ელექტროგანათება
და დეკოტარიული ღობე მოსაწყობია, წყალანირების სისტემა და საფეხმავლო
ბილიკი დასასრულებელია. პროექტი დაუსრულებელი და გაძვირებულია - 3,5
მილიონის ნაცვლად, 4 მილიონამდეა გაზრდილი“,- განმარტავს ალექსანდრე
მიქაუტაძე.
ის მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროექტი გულგრილობის,
არაკომპეტენტურობისა და საბიუჯეტო სახსრების შესაძლო გაფლანგვის
ერთ-ერთი პრეცედენტია.
ამასთან, ის აეროპორტიდან ქუთაისისკენ მიმავალი გზის მოწესრიგებას
ითხოვს.
„განსაკუთრებით მოსაწესრიგებელია ქვიტირი-ქუთაისის მონაკვეთი. ჩამოდის
უამრავი ვიზიტორი, რომელიც ქალაქის შესასვლელში წარმოუდგენლად რთულ
სურათს უყურებს. აუცილებლად მოსაწესრიგებელია წლების წინ დაანონსებული
აეროპორტისა და რკინიგზის ინტეგრაციის საკითხიც“,- ამბობს ალექსანდრე
მიქაუტაძე.
აეროპორტების გაერთიანების პრესსამსახურში ოპოზიციონერის ბრალდებებს
სირცუეს უწოდებენ. ამბობენ, რომ ავტოსადგომის მოწყობა დასრულებულია,
დარჩენილია მხოლოდ ტერიტორიის განათების სისტემის მოწყობა, რომელიც
თვის ბოლოს დასრულდება.
დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში
ახალი ავტოსადგომი მოეწყო, რომელიც დამატებით 500
ავტომობილზეა გათვლილი. ადგილზე, ჯამში უკვე 700 ავტომობილის
გაჩერებაა შესაძლებელი.
ავტოსადგომის გაფართოების პროექტში 3.9 მლნ ლარის ინვესტიცია
განხორციელდა, რომელიც აეროპორტების გაერთიანებამ სრულად საკუთარი
შემოსავლებიდან დაფარა.
მასალის გამოყენების პირობები