"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წევრები ყოფილ
თანაგუნდელებს პოლიტიკურ თაღლითობაში ადანაშაულებენ.
საუბარია, პარტიის იმ, უკვე ყოფილ წევრებზე,
რომლებმაც პარტია დატოვეს, თუმცა საკრებულოს
ამავე სახელწოდების ფრაქციაში ამ დრომდე რჩებიან.
"ნაციონალურ მოძრაობის" წევრებმა დღეს გამართულ ბრიფინზე განაცხადეს,
რომ ყოფილმა თანაგუნდელებმა პარტიიდან წასვლის შემდეგაც სრულად
აიღეს ფრაქციისთვის განკუთვნილი ხელფასები და ახლა მათი (პარტიის
წევრების) ფრაქციიდან გარიცხვას გეგმავენ.
პარტიის წარმომადგენელი გიგა შუშანია ამბობს, რომ ნიკა მელიას გუნდი
და
„ქართული ოცნება" გაერთიანდა ქუთაისის
საკრებულოში.
"დარეჯან ფხაკაძე, რომელმაც დატოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და
„ოცნებას“ შეუერთდა, დღემდე არ გაურიცხავთ მელიასთან წასულ წევრებს
ფრაქციიდან და მათი ხმებით აპირებენ ჩვენს გარიცხვას ანუ იმ
ადამიანებისას, რომლებიც დავრჩით „ნაციონალურ მოძრაობაში“.
თურმე არ ვეთანხმებით ფრაქციის პოლიტიკას და მელიასთან გადაბარგებული
ადამიანები არიან ერთგულნი ამ პარტიის, ეს არის პოლიტიკური თაღლითობა
და კონკრეტული ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით გადადგმული
ნაბიჯი“,- განმარტავს გიგა შუშანია.
ის ყოფილ თანაგუნდელებს მოუწოდებს, უარი თქვან ამ „პოლიტიკურ
თაღლითობაზე, რომელიც წესდების უხეში დარღვევაა და აცადონ „ნაციონალურ
მოძრაობას“ გააგრძელოს საკუთარი ამომრჩევლების ინეტრესების გატარება
ქუთაისის თვითმმართველობაში".
ფრაქციის სახელის შეცვლა და თანამდებობების შენარჩუნება - ასე ხსნის
„ნაციონალური მოძრაობის“ საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე და
საკრებულოს წევრი ხათუნა არველაძე ყოფილი თანაგუნდელების მიერ მათი
ფრაქციიდან გარიცხვის სურვილს.
მისი თქმით, პარტიიდან წასულებმა საქართველოს მესამე პრეზიდენტს,
მიხეილ სააკაშვილს უღალატეს, ახლა კი სურთ, ქალაქის
თვითმმართველობაში აღარ იყოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური
მოძრაობა“.
"რადგან მათ, წესდების შესაბამისად, ამ ეტაპზე, ხმები არ
ყოფნით ფრაქციის სახელის გადასარქმევად, მიიღეს გადაუწყვეტილება,
ფრაქციის ის წევრები, რომლებიც დარჩნენ „ნაციონალურ მოძრაობაში“ და იმ
პოლიტიკას ეთანხმებიან, რა პოლიტიკაც გაწერილია ჩვენს წესდებაში,
გაგვრიცხონ ფრაქციიდან და სრულყოფაში მოიყვანონ ის ჩანაფიქრი, რაც
აქვთ: შეუცვალონ ფრაქციას სახელი და ჩვენ დავრჩეთ ფრაქციის
გარეშე“,- ამბობს ხათუნა არველაძე.
აღნიშნულ ბრალდებებს პასუხობს გიორგი კილაძე, რომელიც ამ დრომდე რჩება
ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ, მაშინ როცა მან
რამდენიმე დღის წინ პარტია თანაგუნდელებთან ერთად დატოვა.
"წელიწადზე მეტია ბატონი გიგა არ ესწრება ფრაქციის სხდომებს.
ამიტომ, არ იცოდა, ალბათ, რომ ქალბატონი დარეჯანის მომართვა ფრაქციის
დატოვების შესახებ დაკმაყოფილებულია, ასე რომ მოვუწოდებ, ჩაერთონ
ფრაქციის საქმიანობაში, მათთვის ეს უფლება არავის წაურთმევია.
ამასთან, არავის გარიცხვაზე საუბარი არ არის. ჩაერთონ ფრაქციის
საქმიანობაში, იმუშაონ. რაც შეეხება ბენეფიტებს და თანამდებობებს, ეგ
რომ გვდომებოდა, ჩვენ ვთამაშობდით კვიპროსის გუნდთან და უარი ვთქვით
თანამშრომლობაზე“,- განმარტავს გიორგი კილაძე.
კითხვაზე, რატომ რჩებიან იმ პარტიის სახელობის ფრაქციაში, რომელ
პარტიასაც უკვე გამოეყვნენ, ამბობს:
"პარტია სხვაა და ფრაქცია სხვაა",- განმარტავს
კილაძე.
კილაძის საპასუხო კომენტარის გაკეთებიდან, მალევე, ხათუნა არველაძემ
სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი ყოფილი თანაგუნდელები
ფრაქციის თავმჯდომარეს გიორგი კილაძეს მიმართავენ, მას და ფრაქციის
კიდევ ერთ წევრს ლაშა შალამბერიძეს ფრაქციის წევრობის სტატუსი „სხვა
პოლიტიკური შეხედულებების გამო“ შეუწყვიტოს.
11 დეკემბერს, ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური
მოძრაობის" 12 დეპუტატიდან, 7-მა პარტია დატოვა, თუმცა ფრაქცია
არა.
დაპირისპირება „ენმ“-ში შიდა პარტიული არჩევნების შემდეგ დაიწყო,
სადაც ხმების უმეტესობა ლევან ხაბეიშვილმა მიიღო და პარტიის
ხელმძღვანელი გახდა.
არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის
კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა
მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამი იყო, რომ დოკუმენტი
პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავდა და თუკი ვინმე ამ
შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებდა, ის თავს, ავტომატურად,
პარტიის გარეთ დააყენებდა.
ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის
შედეგადაც 27 ნოემბერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია
პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ
განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები