ქუთაისის მერიის ურბანული დაგეგმარების, ძეგლთა დაცვისა და სამშენებლო
ნებართვების სამსახურის ხელმძღვანელმა რუსუდან ჩინჩალაძემ დაკავებული
პოსტი დატოვა.
როგორც ის „ქუთაისიპოსთან“ განმარტავს, სამსახურიდან წამოსვლის
თაობაზე განცხადება თავად დაწერა, 4 დეკემბერს კი მისი გათავისუფლების
შესახებ ბრძანება გამოიცა.
რუსუდან ჩინჩალაძე ამბობს, რომ „ბევრი მიზეზი იყო ერთად თავმოყრილი“,
რის გამოც დაკავებული თანამდებობის დატოვებას დიდი ხანი გეგმავდა,
ბოლოს კი სისრულეში მოიყვანა.
„მოვლენები, ჩემი წამოსვლის შემდგომ, ისე განვითარდა (ჩემდა
გასაოცრად), რომ ვგეგმავ, ცოტა უფრო ღრმად ვისაუბრო ამ საკითხზე და
გავშალო ეს თემა, ოღონდ ჯერ არა. დავაკვირდები, როგორ გამოაჩენენ თავს
ადამიანები, ამის მიხედვით. ჩემი გადაწყვეტილება დიდი ხნის
განმავლობაში იყო ყველასთვის ცნობილი, უბრალოდ, ხდებოდა
გაჩერება/გადაფიქრება. ბოლოს დავწერე განცხადება, გავედი შვებულებაში
და იქვე ავხსენი წამოსვლის მიზეზები, რომ როგორც კი გავა შვებულების
დღეები, გამათავისუფლეთ დაკავებული თანამდებობიდან-მეთქი. ასეც
მოხდა“,- ამბობს რუსუდან ჩინჩალაძე.
მისივე განმარტებით, საქმიანობას კვლავ ლანდშაფტის არქიტექტურის
მიმართულებით გააგრძელებს.
რუსუდან ჩინჩალაძე მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსად 2019
წლიდან მუშაობდა, მანამდე ის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის
მოადგილის პოზიციას იკავებდა.
ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ ვაკანტურ ადგილზე კონკურსი
გამოცხადდება, მანამდე კი სამსახურის უფროსის მოვალეობას მისი
მოადგილე ასრულებს.
მასალის გამოყენების პირობები