ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" 12
დეპუტატიდან, 7-მა პარტია დატოვა.
ამის შესახებ მათ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს და განმარტეს,
რომ პოლიტიკურ საქმიანობას სხვა პლატფორმიდან გააგრძელებენ.
„ჩატარებული პარტიის თავმჯდომარის არჩევნების შემდეგ, მივიღეთ
სამწუხარო რეალობა. იმთავითვე შეუსრულებლობისათვის განწირული
დაპირებებით, ანუ სიცრუით, სათავეში მოვიდა მენეჯმენტი, რომელმაც
ჩამოაცილა გამოცდილი და ერთგული კადრები პარტიას, მოახდინა მათი სრული
იგნორირება. პარტია შეგნებულად დააყენეს კონფორმისტულ, სისტემურ,
ფსევდოპოზიციურ წარმონაქმნად გადაქცევის გზაზე. ამ მოცემულობიდან
გამომდინარე, გვინდა განვაცხადოთ, რომ დღეიდან, ოფიციალურად, ვტოვებთ
პარტიის რიგებს, თუმცა ბრძოლა პრორუსულ, არაფორმალურად მართულ,
არადემოკრატიულ ხელისუფლებასთან კვლავაც გაგრძელდება, ოღონდ
გაგრძელდება სხვა პლატფორმიდან“, – განაცხადა დეპუტატმა დავით
ბახტაძემ.
ენმ-ს ყოფილი წევრის თედო მესხის განმარტებით, ახალი პლატფორმა,
რომელსაც შეუერთდებიან, ბევრად მეტს გააკეთებს ყოფილი პრეზიდენტის
გათავისუფლებისათვის.
ამ ეტაპზე, ქუთაისის საკრებულოში ფრაქცია "ნაციონალურ
მოძრაობაში" მხოლოდ 4 დეპუტატი დარჩა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში
ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარეობაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი
უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ხმების უმეტესობა ლევან
ხაბეიშვილმა მიიღო, შესაბამისად, ის პარტიის ხელმძღვანელი გახდა.
არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის
კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა
მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დოკუმენტი
პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე ამ
შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებს, ის ავტომატურად თავს
პარტიის გარეთ დააყენებს.
ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის
შედეგადაც 27 ნომებერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია
პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ
განაცხადა, რომ ''ნაციონალური მოძრაობას'' ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები