ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრები არ
ამბობენ, პარტიაში დარჩებიან თუ ნიკა მელიას გუნდს შეურთდებიან.
ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი კილაძე ამბობს, რომ აღნიშნულზე
გაცხადებას ფრაქციის სახელით მოგვიანებით გააკეთებენ.
"ჯერჯერობით ვერ ვისაუბრებ. რადენიმე დღეში ფრაქციის სახელით
გავაკეთებ განცხადებას", - განმარტავს გიორგი კილაძე.
ფრაქციაში რამდენიმე დღის წინ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეს
ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. შესაბამისად, შესაძლოა,
ნიკა მელიას მსგავსად, პარტია ფრაქციის წევრებმაც დატოვონ.
რაც შეეხება საკრებულოს კიდევ ერთ "ნაციონალური მოძრაობის'' წევრს,
გიგა შუშანიას, განმარტავს, რომ ის რჩება პარტიაში.
"ჩემთვის ეს ბრძოლა თავიდანვე მიუღებელი იყო. ეს ყველაფერი პარტიის
ინტერესებს აზარალებს. ვრჩები მიხეილ სააკაშვილის გუნდში და
,,ნაციონალურ მოძრაობაში". დაარსების დღიდან ამ პარტიის წევრი ვარ და
ასეც გაგრძელდება. პარტიებში მოგზაურობა ჩემი სტილი არ არის", -
ამბობს გიგა შუშანია.
პარტიის წევრების ნაწილი, რომლებმაც ენმ დატოვეს, აცხადებდნენ, რომ
პარტიიდან ლევან ხაბეიშვილის მიერ დაპირებების შეუსრულებლობის გამო
მიდიან და არ გამორიცხავენ, რომ მის წინამორბედთან, ნიკა მელიასთან
ერთად განაგრძონ პოლიტიკური საქმიანობა.
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნები 2023 წლის იანვარში
ჩატარდა. პარტიის თავმჯდომარეობაზე ნიკა მელია და ლევან ხაბეიშვილი
უპირისპირდებოდნენ ერთმანეთს. საბოლოოდ, ხმების უმეტესობა ლევან
ხაბეიშვილმა მიიღო, შესაბამისად, ის პარტიის ხელმძღვანელი
გახდა.
არჩევნების შედეგებიდან მალევე ნიკა მელიამ ახალი ხელმძღვანელობის
კრიტიკა დაიწყო. ბოლო კონფლიქტი ნოემბერში მოხდა, როცა ,,ნაციონალურმა
მოძრაობამ’’ მანიფესტი შეადგინა, სადაც ნათქვამია, რომ დოკუმენტი
პარტიული ერთიანობის შეთანხმებას მოიცავს და თუკი ვინმე ამ
შეთანხმებაზე ხელის მოწერას ამ მოისურვებს, ის ავტომატურად თავს
პარტიის გარეთ დააყენებს.
ნიკა მელიამ და მისმა თანამოაზრეებმა მანიფესტს ხელი არ მოაწერეს, რის
შედეგადაც 27 ნომებერს ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ნიკა მელია
პარტიის წევრი აღარ არის. უკვე 7 დეკემბერს კი თავად ნიკა მელიამ
განაცხადა, რომ ''ნაციონალური
მოძრაობას'' ტოვებს.
მასალის გამოყენების პირობები