იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულების მოპოვების 140
ლიცენზიანტიდან 56 პოლიტიკური შემწირველია ანდა სახელმწიფო
შესყიდვების პროცესშია ჩართული.
ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ
გამოქვეყნებულ
კვლევაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, 37 სხვადასხვა ლიცენზიის მქონე 25-მა კომპანიამ
და მათთან დაკავშირებულმა პირებმა 2,485,931 ლარის ოდენობის
შემოწირულება გაიღო, რომელთა უმეტესი ნაწილის მიმღები “ქართული
ოცნებაა”.
სახელმწიფო შესყიდვების პროცესში კი წიაღის ლიცენზიის მოპოვების მქონე
26 კომპანიაა ჩართული და მათ ჯამში 757,566,585 ლარის ღირებულების
ხელშეკრულებები აქვთ მიღებული.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” კვლევებში ტენდერებში
ჩართული და პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერი ის კომპანიები მოხვდნენ,
რომლებმაც წიაღის მოპოვების ლიცენზია იმერეთის რეგიონში 2019-2021
წლებში მიიღეს.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, ეს კომპანიები როგორც ქვიშა-ხრეშს, ასევე
გრანიტს, ტეშენიტს, კირქვას, ბაზალტს და სხვა სასარგებლო წიაღისეულს
მოიპოვებენ.
კვლევაში მოხვდნენ ის კომპანიებიც, რომლებიც მოქმედ ანდა ყოფილი
თანამდებობის პირებთან არიან კავშირში. მათ შორისაა ვანის საკრებულოს
წევრი “ქართული ოცნებიდან” ბიჭიკო პაიკიძე, რომელმაც მმართველი
პარტიის სასარგებლოდ, 2016 წელს, პირადად, 12 000 ლარი გაიღო, მისმა
კომპანია შპს “B.P.TRANS”-მა კი 2019-2021 წლებში 26,226,116 ლარის
ოდენობის ხელშეკრულებები მიიღო სახელმწიფო შესყიდვებიდან.
როგორც კვლევაში აღნიშნული ბიჭიკო პაიკიძეს ახლო კავშირები აქვს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან, გრიგოლ ლილუაშვილთან
(იგი პაიკიძის შვილის ნათლიაა).
2014-2023 წლებში 31,562,630 ლარის ღირებულების სახელმწიფო შესყიდვები
აქვს მიღებული კიდევ ერთ ლიცენზიანტ კომპანიას - შპს “ჯორჯიან
ენერჯის”, რომლის 100%-ს დღეს ზვიად ჩხობაძე ფლობს. მან მმართველ
პარტიას 2016 წელს 60,000 ლარი შესწირა.
მსხვილ სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობს შპს “კომპანია ბლექ სი
გრუპიც”, რომლის ამ გზით მიღებული შემოსავალი 446,673,239 ლარია.
აღსანიშნავია, რომ კომპანიის მეწილე გიორგი კალანდაძე (25%)
ამავდროულად არის პარლამენტარ ბექა ოდიშარიას პარტნიორი შპს-ში “ძველი
დედაქალაქი“.
„გამჭვირვალობის“ კვლევის მიხედვით, ტეშენიტის მოპოვების ლიცენზია
აქვს შპს “როუდ ქონსტრაქშენს”. Ამ კომპანიას 2017-2023 წლებში
სახელმწიფო შესყიდვების სახით მიღებული აქვს 38,586,588 ლარი.
„კომპანიას სამი მფლობელი ჰყავს. Მათგან მხოლოდ ერთი - 34% წილის
მფლობელი გიორგი გოგიბერიძეა პოლიტიკური პარტიის შემწირველი. მან 2012
წელს 60,000 ლარი შეწირა მაშინდელ მმართველ პოლიტიკურ ძალას - “ერთიან
ნაციონალურ მოძრაობას”. Მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ამავე
კომპანიის 33% წილის მფლობელი, ვაჟა ფანჩულიძე 2014-2015 წლებში
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო“,- აღნიშნულია
კვლევაში.
ქვიშა-ხრეშის მოპოვების ლიცენზია აქვს შპს “კავკასენერგოს”, რომლის
100% წილის მფლობელს, გიორგი მოლაშხიას 100,000 ლარი შეუწირავს
მმართველი პოლიტიკური პარტიებისთვის და 28,226,116 ლარის ოდენობის
ხელშეკრულებები აქვს მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან.
აღსანიშნავია, რომ გიორგი მოლაშხიას ბიზნეს-პარტნიორი სხვა კომპანიაში
(შპს “ტრანს სერვის”) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ავთანდილ
ენუქიძეა. იგი დეპუტატი “პატრიოტთა ალიანსის” სიით გახდა.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო” მოუწოდებს სახელწიფო
უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოს და გენერალურ
პროკურატურას, შეისწავლოს იმერეთის რეგიონში სასარგებლო წიაღისეულის
მოპოვების ლიცენზიის მქონე კომპანიების სახელმწიფო შესყიდვებში
მონაწილეობის, ასევე კომპანიებთან დაკავშირებული პირების მიერ
გაღებული პოლიტიკური შეწირულობების საკითხი და დაადგინოს, შეიცავს თუ
არა კორუფციის შესაძლო ნიშნებს.
მასალის გამოყენების პირობები