„ვიმედოვნებ, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი და ეს
მოუტანს უზარმაზარ სარგებელს თქვენს ქვეყანას“, - ამის შესახებ
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ ქუთაისში, მედიის
წარმომადგენლებთან ინტერვიუსას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას,
მშვიდობას, კეთილდღეობასა და ცხოვრების დონის ამაღლებას.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ვიმყოფები საქართველოში ამ
ისტორიულ მომენტში. საქართველომ გადაწყვიტა, რომ ევროკავშირის
წევრობაზე განაცხადი წარედგინა. 27-მა წევრმა ქვეყანამ გადაწყვიტა
მისთვის ევროპული პერსპექტივა მიეცა. ახლა მუშაობა მიმდინარეობს 12
პრიორიტეტის შესრულებაზე. ეს ჯერ კიდევ სამუშაო პროცესია. ჩვენ
პროგრესს წლის ბოლოს შევაფასებთ და 27 წევრი ქვეყანა გადაწყვეტს
შემდეგ ნაბიჯებს დეკემბერში. ვიმედოვნებ, დადებითი გადაწყვეტილება
იქნება და საქართველოს მისცემენ კანდიდატის სტატუსს. ეს გზის
დასასრული არ არის. კანდიდატის სტატუსის მიცემის შემთხვევაში, ეს
იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირის წევრობისკენ“, -
განმარტა პაველ ჰერჩინსკიმ.
მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის დრო იმის დასამტკიცებლად, რომ საკმარისი
პროგრესია მიღწეული 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით.
„როგორც ევროკავშირის დელეგაცია, აქ ვართ, რომ საქართველოსთან
ერთად ვიყოთ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ვიმედოვნებ, რომ საქართველო
გახდება ევროკავშირის წევრი და ეს მოუტანს უზარმაზარ სარგებელს
საქართველოს. ევროკავშირის წევრობა ნიშნავს სტაბილურობას, მშვიდობას,
კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ამაღლებას. ჩვენ ვმუშაობთ ამ
მიმართულებაზე, მაგრამ ეს მოითხოვს ეროვნულ თანხმობას. ეს მოითხოვს
ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივ მუშაობას, კომპრომისის,
ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით. მუშაობა გრძელდება
და ვნახავთ, საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს
მიერ განხორციელებულ პროგრესზე“, – განაცხადა
ელჩმა.
პაველ ჰერჩინსკი იმერეთის რეგიონს პირველად სტუმრობს. სამდღიანი
ვიზიტის (3-5 აპრილი) ფარგლებში ელჩი ქუთაისსა და წყალტუბოში
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილ პროექტებს ეცნობა.
მან ოფიციალური შეხვედრა უკვე გამართა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულ
ზვიად შალამბერიძესთან. მათ ერთად მოინახულეს ქუთაისის ცენტრში
მდებარე კოლხური შადრევანი, რომლის რეაბილიტაციაც ევროკავშირის
დაფინანსებით განხორციელდა.
ვიზიტის პირველ დღეს, ელჩი ქუთაისში მდებარე მწვანე ნარჩენების
კომპოსტირების პირველ ცენტრსაც ეწვია, რომელიც ადგილობრივი
ხელისუფლების მიერ ევროკავშირის დაფინანსებით შეიქმნა. ცენტრი პირველი
ობიექტია დასავლეთ საქართველოში, სადაც ბიოდეგრადირებადი ნარჩენების
კომპოსტირება ხდება და გარემოს დაცვის მიმართულებით მნიშვნელოვანი
წვლილი შეაქვს.
დღის ბოლოს, პაველ ჰერჩინსკი დასაქმების ცენტრის წარმომადგენლებსა და
რამდენიმე ახალგაზრდას შეხვდა, რომლებმაც ევროკავშირის მიერ
მხარდაჭერილი ESCAPE და LEARN პროექტების დახმარებით ახალი ცოდნა და
უნარ-ჩვევები შეიძინეს და დასაქმდნენ.
ვიზიტის ფარგლებში, ელჩი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტსაც
ეწვია, სადაც სტუდენტებს შეხვდა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის
ურთიერთობების შესახებ მათ კითხვებს უპასუხა.
ელჩი ასევე ეწვევა წყალტუბოს, სადაც ადგილობრივი განვითარების ჯგუფის
(LAG) წევრებს შეხვდება. შეხვედრაზე ადგილობრივი განვითარების ჯგუფის
მიერ მხარდაჭერილ სოფლის განვითარების პროექტებზე ისაუბრებენ.
ამასთან, LAG-ის მხარდაჭერით განხორციელებულ ერთ-ერთ პროექტს - „თეთრა
მღვიმეს“ მოინახულებს, სადაც თანამედროვე ინფრასტრუქტურა მოეწყო.
ვიზიტი შედგება მწვანილისა და ბოსტნეულის მწარმოებელ კომპანია
„ჰერბიაშიც“, რომელმაც, ადგილობრივი მოსახლეობისათვის ახალი
შესაძლებლობების შექმნის მიზნით, წარმოების გასაფართოებლად და
საერთაშორისო სტანდარტების დასანერგად ევროკავშირისგან მხარდაჭერა
მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები