ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები, ფერწერული ტილოები, ცეცხლსასროლი იარაღები
- ეს იმ უძრავი თუ მოძრავი ქონების მცირე ჩამონათვალია, რაც დეპუტატ ბეჟან წაქაძის
საკუთრებაშია.
საქართველოს პარლამენტში ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის
მაჟორიტარი დეპუტატმა ბეჟან წაქაძემ დეკლარაცია, ბოლოს, მიმდინარე
წლის თებერვალში შეავსო.
დეკლარაციის მიხედვით, წაქაძე 8 მიწის ნაკვეთს ფლობს. აქედან 3
აჩუქეს, 3 - მემკვიდრეობით მიიღო და 2 - იყიდა. დეპუტატს მიწის
ნაკვეთების დიდი ნაწილი ზესტაფონის სოფელ მეორე სვირში აქვს, ამასთან,
მცხეთაში სოფელ წოდორეთში.
ბეჟან წაქაძის საკუთრებაშია სამი ბინა. აქედან ერთი, თბილისში
სიმბოლურ თანხად, 1 ლარად აქვს შეძენილი. მეორე, 576,13 კვ.მ ბინის
ღირებულება კი - 2 673 000 ლარია. მესამე ბინა უკრაინაში, კიევში 825
000 ლარად აქვს შეძენილი. მასვე ეკუთვნის 266,08 კვ.მ აგარაკი
მცხეთაში, სოფელ წოდორეთში, რომელიც 1 756 128 ლარად იყიდა. წაქაძე
დედაქალაქში ფლობს სამზარეულო და დამხმარე, ასევე არასაცხოვრებელ
ფართსაც.
ბეჟან წაქაძის სახელზეა სხვა ქონების ვრცელი ჩამონათვალიც. კერძოდ, 8
ფერწერული ტილო, რომლის ჯამური ღირებულება 676 500 ლარია; ასევე 49
500 ლარის ღირებულების შოპარდი, საათი; ცეცხლსასროლი იარაღი
(მოოქროვილი პარაბელუმი) – 82 500 ლარი და ცეცხლსასროლი იარაღი
მაუზერი, ხის ჩასადებით (კაბურით)- 37 950 ლარი.
დეპუტატს 2020 წელს 660 000 ლარად აქვს შეძენილი მსუბუქი ავტომანქანა
MERSEDES-BENZ (SP509SP).
ბეჟან წაქაძე სხვადასხვა კომპანიაში წილების ფლობელიცაა. კერძოდ,
40%-ს ფლობს შპს „სოლიდში“, 50%-ს შპს „ლა გრანდე დიმორაში“, შპს
„დავით ტატიშვილის სპორტული მედიცინის და რეაბილიტაციის ცენტრსა“ და
შპს „ჯორჯიან დეველოპმენტ გრუპ +“- ში.
ამასთან, 100%-ის მფლობელია შემდეგი შპს-ების: „ჯდჯ პლაზა“, „ჯდჯ
პალასი“, „ჯდჯ იმერეთი“ და შპს „მაგნოლია“.
ბეჟან წაქაძეს, როგორც #21 ოლქის მაჟორიტარ დეპუტატს, გასულ წელს,
ხელფასის სახით 43 502 ლარი აქვს აღებული. ქველმოქმედებაში კი
108 648 ლარი აქვს დახარჯული.
დეკლარაციის მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატის მეუღლის ნონა ბურკაძის
სახელზეა რეგისტრირებული სახელოსნო (194 040 ლარი), 3 ავტოფარეხი,
რომელთა ჯამური ღირებულება 66 000 ლარს შეადგენს, ასევე 992 კვ.მ
მიწის ნაკვეთი თბილისში, სოფელი წავკისში, რომელიც 132 000 ლარი
დაუჯდა და მიწის ნაკვეთები ვანში, სოფელ მუქედში. ნონა ბურკაძის
საკუთრებაშია თბილისში 2 ბინა, 1 069 200 ლარის ღირებულების აგარაკი
და მსუბუქი ავტომანქანა LEXUS GX 470.
ბეჟან წაქაძე „ქართულმა ოცნებამ“ ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და
ტყიბულის მაჟორიტარობის კანდიდატად 2020 წელს წარადგინა. მან ხმათა
49,77% მიიღო და საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი
(მაჟორიტარი) გახდა, საარჩევნო ბლოკით: „ქართული ოცნება -
დემოკრატიული საქართველო“.
მასალის გამოყენების პირობები