„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, რუსეთსა
და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენა საქართველოს
მოქალაქეების მდგომარეობის შეამსუბუქებდა, რაც მისასალმებელია.
ამის შესახებ კობახიძემ „იმედის“ ეთერში, რუსეთის საგარეო საქმეთა
მინისტრ სერგეი ლავროვის განცხადებების, მათ შორის საქართველოს
ხელისუფლების შექების და აქედან გამომდინარე „ოცნების“ ოპონენტების
კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.
„ჩვენთვის მთავარი არ არის გარე შეფასებები - ბევრი გვესმის ერთი
მხრიდან, მეორე მხრიდან, მესამე მხრიდან… მთავარია არა შეფასება,
არამედ რეალობა. რეალობა ისაა, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს
ერთადერთი მიზნით - ეს არის საქართველოს ინტერესების დაცვა და
გატარება. ეს არის ჩვენი ერთადერთი ამოსავალი წერტილი და არა ის, თუ
ვინ როგორ შეგვაფასებს - იქნება ეს ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი თუ
აღმოსავლეთი. ეს მოკლე კომენტარი შეიძლება გავაკეთო პირველ თემაზე“, -
განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების
აღდგენას, კობახიძის თქმით, ეს საქართველოს მოქალაქეებისთვის
მნიშვნელოვანი იქნება.
„2019 წელს რუსეთმა ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება ფრენების
შეწყვეტის თაობაზე. ეს იყო ერთგვარი სანქცია, რომელიც ამოქმედდა
საქართველოს მიმართ და ამან საქართველოს მოქალაქეები დააზარალა.
მილიონამდე ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობს რუსეთის ფედერაციაში. 2019
წელს მიღებულმა გადაწყვეტილებამ მათ ძალიან გაურთულა პირობები და
მდგომარეობა. თუ ფრენები აღდგება, ეს მნიშვნელოვანია ჩვენი
თანამოქალაქეებისთვის და, რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ მისასალმებელი
იქნება. ეს არის ერთადერთი კომენტარი, რაც შეიძლება გავაკეთოთ“, -
განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა თქვა, რომ
საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად დასავლეთის მოთხოვნისა, არ
შეუერთდა რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს და იმედი გამოთქვა, რომ
მალე აღდგება საქართველოსთან პირდაპირი ფრენები.
მასალის გამოყენების პირობები