საქართველოს პრემიერ-მინისტრის
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, უკრაინას ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსი ომის, მოლდოვას კი ამავე ომის პირობებში
მომატებული საფრთხის გამო მისცეს.
მთავრობის სხდომაზე მთავრობის მეთაურმა შინაარსობრივად გააიგივა
უკრაინა-მოლდოვისა და საქართველოს მიმართ მიღებული გადაწყვეტილებები
და თქვა, რომ სტატუსი, რომელიც ამ ორმა ქვეყანამ მიიღო, ავანსია და
რეალურად, მათაც ისევე მოუწევთ პირობების შესრულება, როგორც
საქართველოს.
"მოლდოვას და უკრაინას აქვს
იდენტური ჩანაწერი პერსპექტივასთან დაკავშირებით, რომ მიენიჭებათ მათ
სტატუსი, ანუ რეალურად სტატუსს აძლევენ ავანსად, ეს არის
წამახალისებელი ავანსი, მაგრამ მათაც მოსთხოვენ რეფორმების გატარებას.
ჩვენ შემთხვევაში არის პირიქით, ჩვენ ჯერ უნდა შევასრულოთ ის
რეკომენდაციები, რაც არის გათვალისწინებული და შემდეგ მივიღოთ
სტატუსი. უკრაინა არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში, ომი გრძელდება,
ასევე მძიმე მდგომარეობაშია მოლდოვა, რომელსაც ასევე გაეზარდა
რისკები. უკრაინას აძლევენ ამ სტატუსს იმიტომ, რომ იგი არის ომში.
ევროპელი ლიდერები უკვე საჯაროდ ადასტურებენ ამ ფაქტს და ჩემთან პირად
საუბრებშიც უთქვამთ, რომ მოლდოვაც არის ასეთ მდგომარეობაში. ნამდვილად
არ მშურს მათი და მინდა ვუსურვო მშვიდობა და ქვეყნის
გაერთიანება", - თქვა პრემიერმა.
მან კიდევ ერთხელ ისაუბრა "ქართული
ოცნებისა" და ბიძინა ივანიშვილის "ღვაწლზე" ევროკავშირთან დაახლოების
გზაზე.
უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსი უკვე მიიღეს. საქართველოს კი
ევროკომისიამ რეკომენდაციების შესასრულებლად დრო წლის ბოლომდე მისცა.
ამაზე იქნება დამოკიდებული მიიღებს თუ არა ჩვენი ქვეყანა კანდიდატის
სტატუსს.
დღეს, 20 ივნისს, 20 საათზე
სამოქალაქო აქტივისტები, ჟურნალისტები, სხვადასხვა სფეროს
წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც თვლიან, რომ
საქართველოს ხელისუფლების ქმედებები აზიანებს ევროპულ პერსპექტივას,
აქციას გამართავენ. შეკრების მიზანია ქართველი
ხალხის ევროპული არჩევანის დაფიქსირება და მსოფლიოსთვის იმის ჩვენება,
რომ საქართველოს სურს ევროპა.
მასალის გამოყენების პირობები