უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი
დმიტრო კულება ბრიუსელში ნატოს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს
შეხვდა.
შეხვედრის შემდეგ მან დაწერა, რომ ასამბლეაზე სამი ძირითადი საკითხის
განსახილველად მივიდა და ეს არის იარაღი, იარაღი და ისევ იარაღი.
"დღეს მოვედი აქ სამი
ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხის განსახილველად: იარაღი, იარაღი და
იარაღი. უკრაინის გადაუდებელი საჭიროებები, მიწოდების მდგრადობა და
გრძელვადიანი გადაწყვეტილებები, რათა დაეხმაროს უკრაინას
გამარჯვებაში", - დაწერა მან ტვიტერზე.
მანამდე, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებთან თქვა,
რომ უკრაინას ესაჭიროება იარაღი და რუსეთის მიმართ სანქციების
გამკაცრება.
"იმედი მაქვს, რომ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების
გასამკაცრებლად აღარ იქნება საჭირო ვნახოთ ის, რაც ვნახეთ ბუჩაში.
მოგვეცით იარაღი, ჩვენ გავიღებთ მსხვერპლს, ომი არ გასცდება
უკრაინას", - თქვა კულებამ.
დღეს, ბრიუსელში ნატოს საგარეო
საქმეთა მინისტრების შეხვედრა იმართება. მინისტერიალზე მიწვეულია
საქართველოც. ბრიუსელში უკვე ჩავიდა საქართველოს ახალდანიშნული
საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი. მინისტერიალს ასევე
ესწრება აშშ-ს სახელმწიფო მდივანი.
ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო
უწყებების წარმომადგენლები იმსჯელებენ რუსეთის მიერ უკრაინაში
შეჭრაზე, ასევე, ნატოს 2030- ის კონცეფციაზე, ასპირანტებისთვის
მხარდაჭერის თვალსაზრისით.
საქართველოსთან ერთად, შეხვედრაზე
მიწვეული არიან კოლეგები უკრაინიდან, ფინეთიდან, შვედეთიდან, და
ევროკავშირის ქვეყნებიდან, ასევე ნატოს პარტნიორები აზია-წყნარი
ოკეანის რეგიონში - ავსტრალია, იაპონია, ახალი ზელანდია და კორეის
რესპუბლიკა.
მასალის გამოყენების პირობები