უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ამბობს, რომ რუსი ოკუპანტები
ოდესის დაბომბვისთვის ემზადებიან.
ამის შესახებ მან ვიდეომიმართვაში თქვა.
"ოდესის დასაბომბად ემზადებიან. ოდესა! რუსები ყოველთვის მოდიოდნენ
ოდესაში. ოდესაში ყოველთვის მხოლოდ სითბოს გრძნობდნენ, მხოლოდ
გულწრფელობას. ახლა რა? ბომბი ოდესის წინააღმდეგ? არტილერია ოდესის
წინააღმდეგ? რაკეტები ოდესის წინააღმდეგ? ეს იქნება ომის დანაშაული.
ეს იქნება ისტორიული დანაშაული", - ამბობს ზელენსკი.
მისივე თქმით, რუსეთს უკრაინაში შეჭრა და ბრძოლა ომის წესების
დარღვევით ჰქონდა დაგეგმილი.
უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია.
მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ
ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა
უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და
დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა
დაეტოვებინა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს,
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის
დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით
ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების
ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის"
მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.
პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას
უწესებენ.
წყარო: ტაბულა
მასალის გამოყენების პირობები