გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა შეიმუშავა
6-პუნქტიანი გეგმა, რომლის მიზანიც რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება და
უკრაინის მხარდაჭერაა.
ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მსოფლიო ლიდერებმა უნდა შექმნან საერთაშორისო ჰუმანიტარული კოალიცია
უკრაინისთვის;
ლიდერებმა მხარი უნდა დაუჭირონ უკრაინის ძალისხმევას, რომ შეძლოს
საკუთარი თავის დაცვა;
რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლა უნდა გაძლიერდეს;
საერთაშორისო თანამეგობრობა უნდა შეეწინააღმდეგოს უკრაინაში რუსეთის
მოქმედებების „თანდათანობით ნორმალიზებას” [ნორმად მიღებას];
ომის შესახებ დიპლომატიური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული,
თუმცა მხოლოდ უკრაინის ლეგიტიმური მთავრობის სრული მონაწილეობით;
ნატოს ქვეყნებს შორის უნდა დაიწყოს სწრაფი კამპანია უსაფრთხოებისა და
მედეგობის გასაძლიერებლად.
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა მსოფლიოს სხვა
ლიდერებსაც მოუწოდა უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე საპასუხოდ 6-პუნქტიან
გეგმას შეერთებოდნენ. კანადის, ნიდერლანდების და ცენტრალური ევროპის
ლიდერებთან შეხვედრისას ჯონსონმა აღნიშნა, რომ აუცილებელი იყო პუტინის
თავდასხმის მარცხი.
უკრაინაში მეთერთმეტე დღეა ომია.
მხარეები მოლაპარაკებების მეორე რაუნდზე შეთანხმდნენ, რომ შექმნიდნენ
ჰუმანიტარულ დერეფნებს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, თუმცა
უკრაინული მხარის თანახმად, რუსეთმა უკვე დაარღვია შეთანხმება და
დაბომბა სარკინიგზო ხაზი, რომლითაც მოსახლეობას საომარი ზონა უნდა
დაეტოვებინა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს,
გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის
დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით
ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და
ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების
ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის"
მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ.
პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას
უწესებენ.
მასალის გამოყენების პირობები