ქართულ-რუსული არაფორმალური
დიალოგის ფარგლებში, 2022 წლის გაზაფხულზე კარასინი - აბაშიძე
ერთმანეთს შეხვდებიან. სხვა დეტალები ჯერჯერობით
უცნობია.
ხელისუფლების ოპონენტები ფორმატს
უნდობლობას უცხადებენ და ამბობენ, რომ ეს რუსეთის მიერ საქართველოს
შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობაა. მეორეს მხრივ კი, მათი თქმით,
რუსეთი ცდილობს საქართველო, ე.წ. ახალი რეგიონული საკონსულტაციო
მექანიზმის (3+3) ფორმატში "ჩაითრიოს", რაც ჩვენი ქვეყნის ინტერესებში
არ შედის.
24 ნოემბერს, ზურაბ აბაშიძემ და
გრიგორი კარასინმა ონლაინ ფორმატში ისაუბრეს.
"რუსული მხარე დაინტერესდა,
თუ როგორია ქართული მხარის დამოკიდებულება ე.წ. ახალი რეგიონული
საკონსულტაციო მექანიზმისა (3+3) და ამ კონტექსტში გათვალისწინებული
კონკრეტული ღონისძიებების მიმართ, რაზეც ზურაბ აბაშიძემ ხაზგასმით
განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივაში მონაწილეობას ქართული მხარე არ
განიხილავს", — ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ
ინფორმაციაში.
მთავრობის ინფორმაციით,
აბაშიძე-კარასინმა სავაჭრო-ეკონომიკური, სატრანსპორტო, ქონებრივი და
ჰუმანიტარული ურთიერთობების საკითხები განიხილეს. აბაშიძემ ყურადღება
გაამახვილა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ რთულ
ვითარებაზე. კერძოდ, აღინიშნა ჰუმანიტარული მდგომარეობის გაუარესება,
ადამიანის უფლებების ხელყოფის ფაქტები, მათ შორის, უკანონო
დაპატიმრებები და ამ რეგიონების მზარდი მილიტარიზაცია.
მასალის გამოყენების პირობები