"ქართული ოცნება" გავლენის
დაკარგვაზე მეტად იმაზე წუხს, რომ ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ
ხმები წაართვა.
ეს არც დაუმალავს ქუთაისის მერობის
კანდიდატს იოსებ ხახალეიშვილს, რომელიც 2021 წლის ადგილობრივი
თვითმმართველობის არჩევნების პირველ ტურში დამარცხდა.
ბარიერგადაულახავმა კანდიდატმა არჩევნების მეორე დღეს თქვა, რომ, რომ არა გახარიას კანდიდატი,
გავიმარჯვებდიო.
"მესამე ძალამ, ამ
შემთხვევაში გახარიას პარტიამ რა პროცენტიც მიიღო, ისინი ჩვენი
მხარდამჭერები იყვნენ. ამ მონაცემებს თუ შევაჯამებთ, სრულიად
საკმარისი იქნებოდა ჩემთვის 50%-იანი ბარიერის
გადასალახად'', - განაცხადა იოსებ
ხახალეიშვილმა.
ცესკოს წინასწარი
მონაცემებით, იოსებ ხახალეიშვილმა ხმების 41.45 % მიიღო, ხოლო გიორგი
გახარიას პარტიის კანდიდატმა, გიორგი გოგუაძემ 8.72%. თუ გოგუაძისა და
ხახალეიშვილის მიერ მიღებულ ხმებს შევკრებთ, იოსებ ხახალეიშვილი
50,17%-ს მოაგროვებდა და ბარიერსაც გადალახავდა. შესაბამისად,
მეორე ტურსაც აცდებოდა და მერიც მეორედ გახდებოდა. ამ სცენარის
გათვალისწინებით, ქუთაისის მერს გულისწყვეტის მიზეზი მართლაც
აქვს.
არის თუ არა გიორგი გახარია
რეალური ოპოზიცია და მესამე პოლიტიკური ძალა, რთული სათქმელია
ექსპერტებისთვის. თუმცა, ფაქტია, რომ მმართველ პარტიას მეორე ტურში
მისი იმედი არ უნდა ჰქონდეს. ვერც ოპოზიცია იქნება გახარიას თითქმის
8%-იანი შედეგის იმედად. ახლადდაფუძნებული პარტიის ლიდერი ამბობს,
რომ მიღებული ხმების ოპოზიციისთვის მიცემას არ აპირებს.
არჩევნების პირველი ტურის შედეგებმა კი ცხადი გახადა, რომ ყოფილმა
პრემიერმა რიგ ქალაქებში "ქართული ოცნების" გავლენის შემცირებაში
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. ასე ფიქრობს პოლიტიკოსი დავით
ზურაბიშვილიც.
"ყოფილი პრემიერის პარტიამ
ნამდვილად დააკლო ხმები "ქართულ ოცნებას", მათ შორის ქუთაისშიც და
სხვა ქალაქებშიც. ამდენად, მეორე ტურები რომ იმართება, ამაში მისი
როლი არის საკმაოდ არსებითი. რაც შეეხება იმას, არის თუ არა გახარიას
პარტია ე. წ. მესამე ძალა, ფაქტია, რომ მას ბევრად უკეთესი შედეგი
აქვს, ვიდრე სხვა პარტიებს", - ამბობს
დავით ზურაბიშვილი.
მისი თქმით, გიორგი გახარიას
პარტიას უფრო მეტი შანსიც ჰქონდა, მაგრამ მის რეიტინგზე ცუდად აისახა
მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება.
"რომ არა სააკაშვილის
ჩამოსვლა და დაპატიმრება, სავარაუდოდ, ათ პროცენტსაც გადააჭარბებდა.
თუმცა, ეს ჯერჯერობით მაინც არ არის ის შედეგი, რომ მის პარტიაზე
ვილაპარაკოთ, როგორც "ოცნების" და "ნაცმოძრაობის" ტოლფარდ ძალაზე,
ამისთვის ამ პარტიას კიდევ ბევრი აქვს სამუშაო".
"ოცნების"
ტოლფარდმა პარტიამ ქუთაისის მერობის კანდიდატი პირველ ტურში
დაამარცხა. იოსებ ხახალეიშვილს, რომელმაც "ნაციონალური მოძრაობის"
კანდიდატს, ქალაქში "შემთხვევით მოხვედრილი" უწოდა და მისი
არაქუთაისელობის "იმედი" ჰქონდა, ხატია დეკანოიძემ 2%-ით მოუგო და
მმართველი პარტიის კანდიდატი მეორე ტურისთვის ბრძოლაში
ჩააბა.
"ქართულ ოცნებას" არც
საკრებულოში აქვს საქმე კარგად. უმრავლესობის მოპოვების მიუხედავად,
სახეზეა გავლენის დაკარგვა. შვიდი მაჟორიტარული ოლქიდან, ოპოზიციამ
მმართველ პარტიას ორი ოლქი მოუგო. მიღებული ხმების (39.16%) მიხედვით
კი, პარტიული მანდატები ასე გადანაწილდა: წინასწარი მონაცემებით,
"ქართულ ოცნებას" საკრებულოში პროპორციული სიით 13 დეპუტატი ეყოლება,
ოპოზიციას კი 15. აქედან 12 მანდატი ერგო "ნაციონალურ მოძრაობას", 2
გახარიას პარტიას, ხოლო ერთი "სტრატეგია აღმაშენებელს", რომელიც
საკუთარ თავს მესამე ძალას უწოდებს. საბოლოო ჯამში, პროპორციული და
მაჟორიტარული სიით მმართველი ძალა წარმომადგენლობით ორგანოს 18
დეპუტატით აკომპლექტებს, ოპოზიციას კი 17 დეპუტატი
ეყოლება.
საკრებულოში მმართველი ძალის
ასეთი სუსტი წარმომადგენლობა არ ახსენდებათ იმ პოლიტიკოსებს, რომლებიც
ქუთაისის საკრებულოს რამდენიმე მოწვევის დეპუტატები
არიან.
"ნაციონალური მოძრაობის"
ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ბესიკ ბრეგაძე ამბობს, რომ ეს
მოცემულობა პროცესებზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს.
"მეოთხე მოწვევის
საკრებულოში ვარ და ოპოზიცია ასეთი დოზით წარმოდგენილი არ მახსენდება.
ეს ნიშნავს იმას, რომ მხოლოდ ხელის აწევა აღარ იქნება და ყველა
საკითხი მსჯელობის შედეგად გადაწყდება", -
ამბობს ბესიკ ბრეგაძე.
ახლა, "ქართულ ოცნებას" წინ
კიდევ უფრო რთული ამოცანა აქვს. გავლენადაკარგული მმართველი პარტია
მეორე ტურისთვის უნდა მოემზადოს.
მასალის გამოყენების პირობები