2015 წლის იანვრიდან ამ დრომდე ქუთაისის მერიაში დისციპლინური
პასიხისმგებლობის საკითხი მხოლოდ ერთი თანამშრომლის მიმართ იქნა
გამოყენებული.
მერიაში არ აკონკრეტებენ თანამშრომლის ვინაობას და არც კონკრეტულ
გადაცდომას თუ რისთვის მიიღო მან გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით.
თუმცა, განმარტავენ, რომ დისციპლინური პასიხისმგებლობის ზომად
გამოყენებული იქნა გაფრთხილება პირად საქმეში შეტანით.
რაც შეეხება ქუთაისის საკრებულოს, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის
მიხედვით, მიმდინარე წლის წლის იანვრიდან ამ დრომდე საკრებულოში
დისციპლინარული გადაცდომის არც ერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
საქართველოს კანონმდებლობით საჯარო მოხელეთა დისციპლინარულ გადაცდომას
კანონი "საჯარო სამსახურის შესახებ" არეგულირებს. (მუხლი 78)
კანონის მიხედვით, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს: სამსახურებრივ
მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის
წარმოშობის საშიშროების ბრალეული შექმნა და ასევე, ზოგადზნეობრივი
ნორმების წინააღმდეგ ან მოხელისა და დაწესებულების დისკრედიტიციისაკენ
მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედება), განურჩევლად იმისა,
სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ.
დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომებს ასევე, კანონი
"საჯარო სამსახურის შესახებ" განმარტავს. (მუხლი 79)
კანონის მიხედვით, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების გამოყენების
უფლება საჯარო დაწესებულების თანამდებობის პირს აქვს.
ეს ზომები შეიძლება იყოს შენიშვნა, გაფრთხილება, ხელფასის დაკავება ან
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისაგან ჩამოშორება ხელფასის
გაცემის შეჩერებით – არა უმეტეს ათი სამუშაო დღისა და ასევე, უფრო
დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა არაუმეტეს ერთი წლისა. თანამდებობის
პირს უფლება ენიჭება დამრღვევი პირის სამსახურიდან
გათავისუფლებაც.
აღსანიშნავია, რომ კანონით, ერთი დისციპლინური გადაცდომისთვის
დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა გამოიყენება.
მასალის გამოყენების პირობები