"ქუთაისიპოსტის" ინფორმაციით, გიორგი გახარიას
პარტიაში გადასვლა, ქუთაისის საკრებულოს ყოფილ
თავმჯდომარეს, დავით დვალს შესთავაზეს.
თუმცა, დავით დვალმა, იმის გამო,
რომ ბიძინა ივანიშვილის "ქართუ ფონდის" მიერ აშენებულ ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტში მუშაობს, ამ ეტპაზე თავი
შეიკავა.
"დავით დვალს შესთავაზეს
გახარიას პარტიაში გადასვლა და თუ დათანხმდებოდა, მის კანდიდატურას
განიხილავდნენ თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობის
კანდიდატად. თუმცა, თავი შეიკავა. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით
ასეა", - უყვება წყარო ქუთაისიპოსტს.
თავად დავით დვალი ინფორმაციას
უარყოფს და ამბობს იმასაც, რომ მმართველი პარტიისგან დავალებული არ
არის.
"მსგავსი არაფერი
ყოფილა. ჯერჯერობით, ასეთი კონტაქტი არ მქონია არავისთან. ტექნოლოგიურ
უნივერსიტეტშიც ჩემი მუშაობა არ არის არანაირი ვალდებულება მმართველი
პარტიისგან და მათი როლი არაფერ შუაშია", - ამბობს დავით
დვალი.
წყაროსვე ინფორმაციით, გიორგი გახარიას ორი თვის წინ ჰქონდა შეკრება
ყოფილ ჩინოვნიკებთან. შეხვედრაზე იყვნენ ქუთაისის თვითმმართველობაში
სხვადასხვა წლებში დასაქმებული ყოფილი თანამდებობის
პირებიც.
დავით დვალი მეხუთე მოწვევის ქუთაისის
საკრებულოს თავმჯდომარე იყო. მანამდე იგი საკრებულოში "ქრისტიან
დემოკრატიულ მოძრაობას" წარმოადგენდა. 2012 წლის საპრლამენტო
არჩევნების შემდეგ იგი "ქართულ ოცნებას" შეუერთდა. თანამდებობის
დატოვების შემდეგ კი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში დაიწყო
მუშაობა.
რაც შეეხება გიორგი გახარიას,
ყოფილმა პრემიერმა, პოსტიდან წასვლის შემდეგ, პარტია
"საქართველოსთვის" დააფუძნა და ადგილობრივი თვითმმართველობის
არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადება.
მასალის გამოყენების პირობები