პოლიტიკა
გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი - ბიძინა ივანიშვილის განცხადება
FaceBook
"ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
„როგორც საზოგადოებას მოეხსენება, პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ არ გამიკეთებია არცერთი პირდაპირი თუ ირიბი განცხადება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ. მაშინაც კი, როდესაც მიმდინარე წლის თებერვალში სახელმწიფო და ხელისუფლება სერიოზული პოლიტიკური გამოწვევის წინაშე დადგა, არ გამომიხატავს ჩემი პოზიცია, რათა ვინმესთვის ჩემი პოლიტიკური ინტერესის შესახებ სპეკულირების საბაბიც კი არ მიმეცა. პოლიტიკიდან გასვლის ფონზე, ბუნებრივია, არ შემიწყვეტია ურთიერთობა საზოგადოების წარმომადგენლებთან. ოჯახის წევრებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, ნაცნობებისგან ვიღებ ინფორმაციას საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ.

მათგან შევიტყვე მოარული თუ შეგნებულად გავრცელებული ხმების შესახებ იმასთან დაკავშირებით, რომ, თითქოს, გიორგი გახარიას პარტია ჩემი ე.წ. პოლიტიკური პროექტია. რადგან ვხედავ მცდელობას, პოლიტიკიდან გასვლის მიუხედავად, ცრუ ინფორმაციის გავრცელებით, ჩემი სახელი კვლავაც ქართულ პოლიტიკას დაუკავშირონ, თავს ვალდებულად მივიჩნევ, საზოგადოებას მივცე მცირე განმარტება ამ თემასთან დაკავშირებით.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ სატელიტი ფსევდოპარტიების შექმნა საქართველოში წლების მანძილზე ფართოდ დანერგილი მანკიერი პრაქტიკა იყო. თუმცა, ამგვარი რამ ჩემი ხელწერა არასოდეს ყოფილა და 2011 წლიდან პოლიტიკიდან ჩემს საბოლოოდ გასვლამდე ქართული საზოგადოებისთვის არცერთი ფსევდოპარტიის შექმნა არ მიკადრებია. მით უფრო გამორიცხულია, ამგვარი რამ საკუთარ თავს ან საზოგადოებას პოლიტიკიდან გასვლის შემდეგ ვაკადრო.

გარდა იმისა, რომ ფსევდოპარტიის შექმნა თავისთავად არასწორი მოვლენაა, გიორგი გახარიასთან პოლიტიკური თანამშრომლობა ჩემთვის ისედაც ყოვლად მიუღებელი იქნებოდა. მთელი ამ წლების მანძილზე, ქართულ პოლიტიკაში უამრავი პოლიტიკური გადაცდომის მომსწრე გავხდით და მეგონა, რომ ამ თვალსაზრისით, აღარაფერი და ვეღარავინ გამაოცებდა. თუმცა, რაც გიორგი გახარიამ მიმდინარე წლის თებერვალში გააკეთა, ამ ფონზეც კი, გაკვირვებას იწვევს. მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა და ყველაზე დიდი ძალაუფლების მქონე სახელმწიფო თანამდებობის პირმა სრულიად გაუგებარ დროს, ყოვლად გაუგონარი მიზეზით დატოვა თანამდებობა - იგი გადადგა იმ მიზეზით, რომ არ სურდა კანონის უზენაესობის დაცვა და კანონის აღსრულება, რისკენაც მას მთელი პოლიტიკური გუნდი მოუწოდებდა. ის ითხოვდა კანონის აღსრულების ორი დღით გადავადებას, რის შესახებაც ჩვენ დღემდე ვერავითარი დამაჯერებელი განმარტება ვერ მოვისმინეთ. გახარიას ეს პოზიცია მით უფრო გაუგებარი იყო იმ ფონზე, რომ რამდენიმე დღით ადრე ის საკუთარი გუნდისგან მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას დაჟინებით მოითხოვდა.

უმაღლესი თანამდებობის პირის ამგვარ მოქმედებას, გაუგებრობის ხარისხით, მსოფლიო პოლიტიკის ისტორიაშიც კი ძნელად შეიძლება მოეძებნოს ანალოგი. თებერვალში გიორგი გახარიას ქმედება იყო საკუთარი გუნდის ღალატი. და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ეს იყო საკუთარი სახელმწიფოს პირდაპირი ღალატი. სამართლისა და კანონის უზენაესობა არის ნებისმიერი სახელმწიფოს ქვაკუთხედი. უპირველეს ყოვლისა, სწორედ კანონის უზენაესობის მიმართ დამოკიდებულებით უნდა შეფასდეს და გაიზომოს ნებისმიერი პოლიტიკოსისა და სახელმწიფო თანამდებობის პირის საქმიანობა და მოღვაწეობა. როდესაც უმაღლესი რანგის თანამდებობის პირი კანონის უზენაესობის წინააღმდეგ გამოდის და ამ საბაბით თანამდებობას ტოვებს, ამაზე დიდი პოლიტიკური დანაშაული ძნელი წარმოსადგენია.

მინდა მწუხარებით აღვნიშნო, რომ ამ ყველაფერმა ჩემი მძიმე იმედგაცრუება გამოიწვია. ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება იყო გიორგი გახარიას მიერ პოლიტიკური პარტიის დაფუძნება. მის პარტიას არა აქვს არავითარი იდეოლოგიური თუ კონცეპტუალური საფუძველი და იგი, აშკარად, მოაზრებულია როგორც სიტუაციური ინსტრუმენტი მმართველი გუნდისთვის საარჩევნო ხმების თუნდაც მცირე რაოდენობის წასართმევად. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი გამონათქვამია - ზოგი ჭირი მარგებელია.

იყო გათვლა, რომ გახარიას გადადგომით დადგებოდა მძიმე პოლიტიკური კრიზისი. თუმცა, როგორც ვხედავთ, მმართველი პარტიის ძლიერმა, პროგრესულმა და გამოცდილმა გუნდმა მარტივად შეძლო სირთულეების დაძლევა და სახელმწიფო ინსტიტუტების გამყარება. მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკიდან ჩემი გასვლის შემდეგ ორი წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირი შეიცვალა, სახელმწიფო აგრძელებს სტაბილურ ფუნქციონირებას.

მნიშვნელოვანია, რომ მმართველი პარტია არ არის დამოკიდებული ცალკეულ პიროვნებებზე და იგი ძლიერია, როგორც ერთიანი გუნდი, რომელსაც უყვარს ქვეყანა, აქვს ღირებულებები და მყარად იცავს სახელმწიფო ინტერესებს. ამ თვალსაზრისით, „ქართული ოცნების“ სრული ანტიპოდია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც, თავიდან ბოლომდე, მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე მის ერთპიროვნულ ლიდერზე არის დამოკიდებული. საკმარისია, ეს ლიდერი საჯარო სივრცეს ჩამოშორდეს და მისი პარტია მყისიერად ჩამოიშლება. ერთ-ერთი მთავარი შედეგი, რასაც „ქართულმა ოცნებამ“ ჩემთან ერთად და პოლიტიკიდან ჩემი გასვლით მიაღწია, სწორედ საქართველოში პიროვნების კულტისა და მესიანიზმის მანკიერი ტრადიციის დასრულებაა. ღრმად ვარ დარწმუნებული, ჩემს მიერ დაფუძნებული პარტია მომავალშიც წარმატებით უზრუნველყოფს სახელმწიფოს სიმტკიცეს, დემოკრატიული ინსტიტუტების, სამართლისა და კანონის უზენაესობის დაცვას, რაც სახელმწიფოს განვითარების აუცილებელი პირობაა“, - ნათქვამია განცხადებაში.

გიორგი გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი გუნდი 18 თებერვალს დატოვა. მიზეზად  "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების საკითხი დაასახელა.

გადადგომიდან თვე-ნახევარში მან ახალი პარტია "საქართველოსთვის" დააფუძნა. ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ის "ქართული ოცნების" სატელიტი პარტიაა, მმართველ გუნდში კი ეჭვები აქვთ, რომ გახარიამ "მიხეილ სააკაშვილის თამაში ითამაშა".
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100
აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
13:22 / 21.11.2024
ქუთაისში, მუხნარის ადმინისტრაციულ ერთეულის მოსახლეობას, 13 100 აბონენტს, სასმელი წყალი არ მიეწოდება.
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი
გადაუკვალიფიცირდეს.
13:00 / 21.11.2024
19 ნოემბრის აქციაზე დაკავებულ მათე დევიძეს, შესაძლოა ბრალი გადაუკვალიფიცირდეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.