პარტია "ქართული ოცნებიდან" გარიცხული ლევან
ჭანტურია, რომელიც მისი თქმით, მმართველი პარტიიდან ზესტაფონის
მერთან, გიორგი გოგლიჩიძესთან დაპირისპირების გამო გაუშვეს, ამბობს,
რომ სიმართლის თქმისთვის დასაჯეს.
მისი თქმით, იგი ლევან გოგლიჩიძეს მხარს არასდროს უჭერდა, პარტიამ კი
მისი გარიცხვა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც ზესტაფონის მერიასთან აქცია
დაგეგმა. ლევან ჭანტურიას თქმით, აქციაზე მხარდამჭერებთან ერთად,
ქალაქში არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემები და მუნიციპალიტეტის მიერ
ასიათასობით ლარის გაფლანგვა უნდა გაეპროტესტებინა.
პარტიის უკვე ყოფილი წევრის თქმით, აქციის მონაწილეებმა დაურეკეს და
უთხრეს, რომ მათზე მმართველი პარტიის მხრიდან ზეწოლა მიმდინარეობდა და
ისინი აქციაზე ვერ წავიდოდნენ. დილით კი ჭანტურიამ შეიტყო, რომ
პარტიიდან გარიცხეს.
"დღეს ვგეგმავდით აქციას, სადაც უნდა გვემხილა ქალაქის მერი,
გაგვეპროტესტებინა გაჩერებული ინფრასტრუქტურული სამუშაოები და
ასიათასობით ლარის გაფლანგვა. საღამოს დამირეკეს ბიჭებმა და მითხრეს,
რომ მათზე მიდიოდა დაშინება და ნაწილი ვერ მოვიდოდა აქციაზე, დღეს
დილით კი ვიგებ, რომ პარტიიდან გამრიცხეს. მე ისედაც ვაპირებდი
წასვლას, მაგრამ მათ დამასწრეს. დამსაჯეს სიმართლის თქმისთვის, რადგან
არავის სჭირდება ქალაქში ჩემნაირი ადამიანი, ვინც პრობლემებზე
საუბრობს. 2012 წლიდან "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ, მაგრამ ეს
იმას არ ნიშნავს, რომ პრობლემაზე თვალი დავხუჭო. გიორგი გოგლიჩიძე
არის თაღლითი და ამაზე ჩვენ ყოველთვის ვისაუბრებთ", - განაცხადა
პარტია
"ქართული ოცნების" უკვე ყოფილმა წევრმა, ლევან ჭანტურიამ.
ლევან ჭანტურიამ ასევე ისაუბრა მისი მოსყიდვის მცდელობაზე და თქვა,
რომ აქციის დაანონსებიდან რამდენიმე დღეში მასთან
დეპუტატი დიმიტრი სამხარაძე მივიდა და საკრებულოში სამსახურს
სთავაზობდა, რაზეც მან უარი თქვა.
"პარასკევი დღე იყო, როცა მოვიდა დიმიტრი სამხარაძე და მითხრა
საკრებულოში დაგაწყებინებ მუშაობასო. მე რა თქმა უნდა უარი ვუთხარი,
რადგან პოლიტიკოსი არ ვარ", - განაცხადა ლევან ჭანტურიამ.
მასთან ერთად, "ქართულმა ოცნებამ" პარტიიდან სხვა პირებიც გარიცხა.
პარტიის ზესტაფონის ორგანიზაციამ ამის შესახებ ინფორმაცია უკვე
დაადასტურა და ყოფილი წევრები ოპოზიციურ პარტიებთან ფარული
ურთიერთობაში დაადანაშაულა.
"მმართველი პარტიის ზესტაფონის საოლქო ორგანიზაციის ბიუროს სხდომაზე,
რომელსაც ბიუროს სრული შემადგენლობა ესწრებოდა, სხვადასხვა ოპოზიციურ
პარტიებთან ფარული, პარტიის ხელმძღვანელობისათვის კატეგორიულად
მიუღებელი ურთიერთობის გამო, ერთხმად გადაწყდა მაია კახნიაშვილის,
ლევან ჭანტურიძისა და პარტიის კიდევ რამდენიმე წევრის პარტიიდან
გარიცხვა", - ნათქვამია განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები