ქუთაისის საკრებულომ 2014-2015 წლებში ქალი დეპუტატების მიერ
ინიცირებული სამი საკითხიდან ორი დააკმაყოფილა.
საკრებულომ საფინანსო-საბიუჯეტო, კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის
საქმეთა და სპორტის კომისიების შემადგენლობის დამტკიცების შესახებ
პროექტებს დაუჭირა მხარი. სამაგიეროდ, არ დაამტკიცა მაჟორიტარი
დეპუტატებისთვის ბიუროების შექმნის ინიციატივა.
ირმა პეტრიაშვილი, ლელა ქელბაქიანი და ნატო ქათამაძე ქუთაისის
საკრებულოს მეხუთე მოწვევის ქალი დეპუტატები არიან.
საკრებულოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ორმა დეპუტატმა ქალმა
ინიცირების წესით ქალაქის საკანონმდებლო ორგანოს 2014 წელს მიმართა,
ხოლო ერთმა - მიმდინარე წელს.
რიგით მეორე სხდომაზე, 2014 წლის 30 ივნისს ირმა პეტრიშვილის
ინიცირებით წარდგენილი იქნა განკარგულების პროექტი, საკრებულოს
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის
შემადგენლობის დამტკიცების შესახებ. თავად ირმა პეტრიაშვილი ამ
კომისიის თავმჯდომარე გახლავთ. მის მიერ ინიცირებულმა საკითხმა
უმრავლესობის 22 დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა.
ამავე სხდომაზე დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ლელა ქელბაქიანის
ინიციატივას, რომელიც საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის
შემადგენლობის დამტკიცებას შეეხებოდა. ლელა ქელბაქიანი აღნიშნული
კომისიის თავმჯდომარე გახლავთ.
წინა ორისგან განსხვავებით, საკრებულოში მხარდაჭერა ვერ მოიპოვა ნატო
ქათამაძის ინიციატივამ, რომელიც
მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროების შექმნას
შეეხებოდა. ამ ინიციატივით ნატო ქატამაძემ საკრებულოს 2015 წლის
25 მარტს მიმართა.
ქუთაისის საკრებულოს მიერ მოწოდებული დოკუმენტით ირკვევა, რომ საკითხი
საკრებულოს მიერ მოწონებული იქნა, თუმცა სხდომის დღის წესრიგში არ
გაითვალისწინეს.
"არ იქნა გათვალიწინებული იმის გამო, რომ ზემოაღნიშნული კანონის
მოთხოვნის მიხედვით, განსახილველ საკითხთან დაკავშირებით წარმოდგენილი
არ იყო შესაბამისი სამართლებრივი პროექტი," - აღნიშნულია
დოკუმენტში.
ქუთაისის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისს დამტკიცებული რეგლამენტის
მიხედვით (მუხლი 82), ინიცირებულ საკითხს თან უნდა ერთვოდეს
განმარტება ამ ნორმატიული აქტის საჭიროების დასაბუთების შესახებ.
საქართველოს კანონმდებლობით საკრებულოების წევრების მიერ ინიცირების
შეტანის წესს ორი სამართლებრივი დოკუმენტი განმარტავს - ადგილობრივი
თვიმმართველობის შესახებ კოდექსი და საკრებულოს რეგლამენტი.
არც ერთი მათგანი დეპუტატებისთვის ინიცირების შეტანის თაობაზე
შეზღუდვას არ აწესებს. დეპუტატს შეუძლია ინიცირების წესით
საკანონმდებლო ორგანოს რამდენჯერმე მიმართოს.
მასალის გამოყენების პირობები