ქუთაისში ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის
კანდიდატის, ანა ნაცვლიშვილის სააგიტაციო მასალას ,,ქართული ოცნების"
მერობის კანდიდატის, იოსებ ხახალეიშვილის პლაკატებითი
გადაფარეს.
პარტიაში აცხადებენ, რომ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ამ ფორმით
ცდილობენ.
"ერთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა ავტოქარხნის
დასახლებაში, მეორე - ჯავახიშვილის ქუჩაზე, სადაც ჩემს სარეკლამო
პლაკატს გადაკრული აქვს "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის
პლაკატი, რაც არის საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევა. გარდა ამისა,
ეს არის ძალიან არაეთიკური და ეს არ არის პირველი შემთხვევა", -
განაცხადა ,,ლელოს" ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა ანა
ნაცვლიშვილმა.
მომხდართან დაკავშირებით "ლელო" საარჩევნო
ადმინისტრაციას ქუთაისში დღეს მიმართავს. პარტიაში აცხადებენ, რომ
მსგავს ფაქტებს სხვა ქალაქებში რეაგირება არ მოჰყოლია.
ქუთაისის 59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ ,,ლელოს"
ჯერ განცხადებით არ მიუმართავს, თუმცა მასზე რეაგირებისთვის
განცხადებას მიღების შემთხვევაში ადგილობრივ თვითმმათველობას
გადაუგზავნიან.
ქუთაისის მერიაში განაცხადეს, რომ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ფაქტს
ზედამხედველობის სამსახური გადაამოწმებს და გადაწყვეტილებას ამის
შემდეგ მიიღებენ.
საარჩევნო კანონდმებლობის თანახმად, წინასაარჩევნო მოწოდებების,
განცხადებების, წარწერების, ფურცლების, ფოტო და სხვა მასალების
გავრცელებისათვის ხელის შეშლა და ჩამორთმევა, აგრეთვე სააგიტაციო
დანიშნულების ავტოსატრანსპორტო და სპეციალური მოწყობილობით აღჭურვილ
სხვა საშუალებათა ჩამორთმევა ან წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნით მათი
გამოყენებისათვის ხელის შეშლა იწვევს დაჯარიმებას 1000 ლარის
ოდენობით.
ავტორი: ანა ჯიქია
მასალის გამოყენების პირობები