ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა
ლატარიას მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, წარმომადგენლობით
ორგანოში ადგილი გათავისუფლდა.
"ქართული ოცნების" სიის მიხედვით, დეპუტატის მანდატი ააიპ "სპორტულ
დაწესებულებათა გაერთიანების" ხელმძღვანელს, კობა ფხაკაძეს
ეკუთვნის.
თავად ააიპის ხელმძღვანელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება ჯერ არ
მიუღია.
"ჯერჯერობით, არ მიმიღია გადაწყვეტილება, თუმცა, გამორიცხული არ არის,
რომ დავრჩე იქ, სადაც ვარ. ჯერ საკრებულომ უნდა მიიღოს ცნობად ნიკა
ლატარიას გასვლის შესახებ და შემდეგ იქნება მსჯელობა ამ საკითხზე", -
ამბობს კობა ფხაკაძე.
იმ შემთხვევაში თუ კობა ფხაკაძე დეპუტატის
მანდატზე უარს იტყვის, სიის მიხედვით საკრებულოში შესვლა ქუთაისის
"ახალი ინფექციური საავადმყოფოს" მთავარ ექიმს, თემურ ნადირაძეს
უწევს, რომელიც წინა მოწვევის საკრებულოს დეპუტატია.
ნიკა ლატარიამ საკრებულოს თავმჯდომარეობაზე უარი
გასული წლის დეკემბერში თქვა. ერთი კვირის წინ კი დეპუტატის მანდატიც დატოვა.
ნიკა ლატარიას საკრებულოდან გასვლის შემდეგ
დაშლის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა მისი ფრაქცია "კონსერვატორები",
რომელიც სამი დეპუტატით იყო დაკომპლექტებული. ფრაქციის შესანაჩუნებლად
დეპუტატმა ოთარ ლორთქიფანიძემ "ქართული ოცნების" რვაკაციანი ფრაქცია
დატოვა და "კონსერვატორებს" შეუერთდა.
მასალის გამოყენების პირობები