პოლიტიკა
ამერიკელი მწერალი ჭავჭავაძე
FaceBook

როცა ამერიკაში ჩავედი, მაშინ ინტერნეტი ისე არ იყო განვითარებული, რომ ადვილი ყოფილიყო პასუხი მეპოვნა კითხვაზე, - ვინ იყო ის მისის ჭავჭავაძე, რომელმაც ამერიკას პირველი სიგარეტი გაუსინჯა.

 

არადა, ამ ოციოდე წლის წინათ, ბარში გაცნობილი ერთი ამერიკელი მოხუცი დამაჯერებლად მიმტკიცებდა, რომ ეს სახელ-გვარი, - მისის ჭავჭავაძე - პრესის ფურცლებიდან 1928 წლიდან მოუწოდებდა ამერიკას, რომ მხოლოდ მის მიერ მოწონებული სიგარეტი, “ოლდ გოლდ” იყო საუკეთესო.

 

და აი, მართალი ყოფილა, იმ დროისთვის შეერთებულ შტატებში გამომავალი 500-მდე სხვადასხვა გაზეთის გვერდებიდან იმზირება პრინცესა ნინა ჭავჭავაძე:

 

თვალებახვეულმა, სიგარეტების სამეცნიერო სინჯისას, პრინცესა პაულ ჭავჭავაძემ აირჩია “ოლდ გოლდი”.

 

„მე ძალიან დაინტრიგებული ვიყავი მოწვევით, როცა მითხრეს თვალახვეულს უნდა გამესინჯა ამერიკის ლიდერი ბრენდის სიგარეტები, შემედარებინა ერთმანეთთან და იმ სიგარეტებთან, რომელსაც საზღვარგარეთ ვეწეოდი.

 

როცა სინჯები დასრულდა, და მითხრეს რომ ჩემი არჩევანი იყო „ოლდ გოლდი“, მე მივხვდი, რატომ იყო პოპულარული ეს სიგარეტი ჩემს ამერიკელ მეგობრებში“.

 

უკვე საგაზეთო არქივებში დავიწყე ჩიჩქვნა, გამერკვია ვინ იყო პავლე ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ნინა. იმდროისათვის, ჩემს სახელმძღვანელოში, დიდი გურამ შარაძის სამტომეულში, „უცხოეთის ცის ქვეშ“ ნახსენები არსადაა ეს სახელ-გვარი.

 

და ბინგო. გაზეთში ამოკითხული: „მისი სამეფო უდიდებულესობა საბერძნეთის დედოფალი ოლგა და დედოფალი ალექსანდრა დაესწრნენ სამეფო ქორწილს პაულ ჭავჭავაძესა და ნინა რომანოვას შორის“.



ეს ნინა აღმოჩნდა რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ პირველის შვილთაშვილი, ნინა გიორგის ასული რომანოვა. მაშინდელ რუსეთის დედაქალაქში, პეტროგრადში (ახლანდელი სანკტ პეტერბურგი) დაბადებული.

 

უფრო მეტიც, ქართველთათვის ცნობილი მიხეილ რომანოვის შვილიშვილი. ის ჩვენ გვახსოვს, როგორც კავკასიის მეფისნაცვალი, ქართული კულტურის მოამაგე, რომელსაც უკავშირდება ბორჯომისა და ლიკანის აღმშენებლობა. დედაქალაქში, დღევანდელი აღმაშენებლის გამზირი მის სახელს “მიხეილის პროსპექტს” ატარებდა, და მისი აშენებულია აგრეთვე „მიხეილის საავადმყოფო“, თბილისის პირველი საავადმყოფო.

 

საინტერესოა აგრეთვე, რომ ეს ნინა, აგრეთვე საბერძნეთის მეფის, გიორგი პირველის შვილიშვილია, - მეფე გიორგი პირველი და დედოფალი ოლგა ნინას დედის მშობლები გახლდნენ. და ნინაც, ამ ორ, რუსეთისა და საბერძნეთის სამეფო კარზე გაზრდილი გახლდათ.

 

ნინას მამა, თავადი გიორგი რომანოვი საქართველოში დაბადებული გახლდათ, უყვარდა საქართველო და ამიტომაც ქალიშვილს ქართველების განმანათლებელი წმინდანის, ნინოს სახელი დაარქვა.

 

ისე როგორც, ყველა სამეფო წყვილის შეუღლებას ფილმებში ყოველთვის რომანტიკა უკავშირდება, გამონაკლისი არც ჩვენი ისტორიაა. პატარა პრინცესა ნინამ ქართველი თავადი მეჯლისზე საცეკვაო პარტნიორად გამოარჩია. მაშინ პრინცესა შვიდი წლისა იყო, ხოლო პავლე 9 წლისა.

 

მაშინ ვერცერთი გაიაზრებდა რომ მათი ცხოვრების გზა ისევ გადაიკვეთებოდა. თუმცა, იმ 1922-ში, შეუძლებელი იყო უკვე დაქალებული, 21 წლის ულამაზესი ქალიშვილის ამ დიდებულ შარმთან უძლური დარჩენილიყავი.

 

1922-ში, სექტემბრის სამ რიცხვში, მათი ქორწინება ლონდონში, რუსულ ტაძარში, ბუკინგემის სასახლის ქუჩაზე შედგა. ლონდონშივე დაიბადა მათი ერთადერთი ვაჟი დავითი და ცხოვრება ამერიკაში განაგრძეს.



არანაკლებ საინტერესო შტოდანაა თვითონ პავლეც. პოეტ ალექსანდრე ჭავჭავაძის ვაჟს, დავითს ცოლად ჰყავდა ანა გრუზინსკაია (ბაგრატიონ-მუხრანელი), საქართველოს უკანასკნელი მეფის, გიორგი მეთორმეტეს შვილიშვილი, შამილის ტყვე.

 

დავითისა და ანას ათი შვილიდან, მეორე - მარიამი ცოლად გაჰყვა იგივე შტოს, ოღონდ სხვა ტოტის ჭავჭავაძის, - ცნობილი გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟს ზაქარიას. (მოგეხსენება, თვითონ შტო ორი იყო - წინანდლის და ყვარელის ჭავჭავაძეების). ზაქარიას შვილი იყო ჩვენი პავლეს მამა - ალექსანდრე.

 

თუმცა, არ მინდა გამომრჩეს, რომ წარმატებული ოჯახიდან იყო პავლეს დედაც - იგი იმდროინდელი რუსეთის უმსხვილესი ვაჭრებისა და მეწარმეების, სტროგანოვების შთამომავალი გახლდათ.

 

პავლე მწერლობას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოეკიდა. მისი პირველი წიგნი გახლდათ “საოჯახო ალბომი“. მას ქართულ წყაროებში რომანად მოიხსენიებენ. თუმცა, ეს არ არის რომანი, ეს უფრო მემუარების ჟანრის ჩანაწერთა კრებულია, ალბომად შეკრული.



ამ ჩანაწერებში ვგებულობთ, რომ მამის დახვრეტის ამბავი ნიუ-იორკში, დახვრეტიდან იმ დროისთვის უსწრაფესად, ათ დღეში გაიგო პავლემ. ქართველმა მეგობარმა, ნიუ-იორკის ოფისში, ხელში შეაჩეჩა დედის წერილი სიტყვებით: “უთხარი პავლეს, გუშინ მამამისი მამაშენთან გაგზავნეს“. ამ მეგობრის მამაც დახვრეტილი გახლდათ.

 

საკმაოდ მძიმეა პავლე ჭავჭავაძის ლიტერატურული ხურჯინი. გარდა „საოჯახო ალბომისა“, მის კალამს ეკუთვნის “მთები ალაჰისა“. იგი რამოდენიმეჯერ გამოიცა და მის წაკითხვას მაშინდელი ამერიკის თითქმის ყველა გაზეთი ურჩევდა მკითხველს.

 

ეს წიგნი ისტორიული ხასიათისაა და მასში ავტორი მისი წინაპრების ტრაგედიას გვიყვება - შამილის მიერ წინანდლიდან დავით ჭავჭავაძის ოჯახის წევრების ტყვეობას, - გემახსოვრება, ეს გატაცებები, მაშინ პატარები დახოცეს კიდეც.

 

მესამე წიგნის სახელია “მამა ვიკენტი”, შეფარვით ავტორი მაშინდელი ნიუ-იორკის რუსი მღვდელმსახურისა და მრევლის ურთიერთობაზე მოგვითხრობს და იმ ეპოქის ემიგრაციის ნათელ სურათს გვიხატავს.

 

მისი მეოთხე წიგნი “იმიტომ, რომ ღამე იყო ბნელი” გამოიცა ამერიკაშიც და ინგლისშიც, უდიდესი ტირაჟებით. ქართულ წყაროებში ამ წიგნის სათაური არასწორადაა ნათარგმნი, რაღაც პოეტურადაც:  „რამეთუ იდგა შავბნელი ღამე”. ვინც ამ წიგნს ორიგინალში წაიკითხავს, დამეთანხმება რომ ისეთი მძიმე წასაკითხია და იმდენი ირონია იკითხება სტრიქონებს მიღმა, რომ ავტორმა სწორად და ზუსტად მოუძებნა სათაური.

 

არ დამავიწყდეს, რომ სვეტლანა ალილუევას წიგნი მამაზე თარგმნა ადამიანმა, პავლე ჭავჭავაძემ, რომლის მამაც ბოლშევიკებმა და სტალინმა დახვრიტა. მე სულ მინდა წარმოვიდგინო, როგორი იქნებოდა პავლე ავტორთან მუშაობისას - იგი ხომ პირადად ურთიერთობდა მაშინ ამერიკაში ემიგრირებულ სვეტლანასთან წიგნის თარგმნისას, ხშირად სტუმრობდა მას პრინსტონში, ნიუ ჯერსში.

 

მისი თანაავტორობით გამოვიდა წიგნი, “მარია ავინოვი - სალოცავ ბილიკზე ჯოჯოხეთიდან”. რევოლუციამდელი არისტოკრატი ქალის, ნიკა ავინოვის მეუღლის გავლილ გზაზე. უსაინტერესო წიგნია, რაც კი ოდესმე წამიკითხავს. თვით პავლე ჭავჭავაძემ იმუშავა მარია ავინოვთან, რომ ეს მემუარები დაწერილიყო.

 

პავლე ჭავჭავაძე მასაჩუსეტის შტატის პატარა ქალაქ ტრუროშია დაკრძალული.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.