პოლიტიკა
ქუთაისელებისთვის უცნობი და თავიანთი ბიუროების მუშაობით კმაყოფილი მაჟორიტარები
FaceBook

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტში ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი წარმოადგენს.


დიმიტრი მხეიძემ, კობა ნარჩემაშვილმა და გენადი მარგველაშვილმა მაჟორიტარი დეპუტატის მანდატი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგად ერგოთ. 

თითოეულ მათგანს ცალკე  ბიურო და ბიუჯეტიც აქვთ. 

ქუთაისიპოსტი დაინტერესდა რამდენად აქტიურად ხვდებიან თავიანთ ამომრჩევლებს, როგორ მუშაობს მათი ბიურო და თავად დეპუტატები როგორ აფასებენ თავიანთ მუშაობას. ამ მიზნით თითოეულ ბიუროს მივაკითხეთ. 


დიმიტრი მხეიძის სამაჟორიტარო ბიურო

დიმიტრი მხეიძის ბიურო ქუთაისის მერიის შენობაში, მეოთხე სართულზე მდებარეობს. ბიუროს ადგილობრივი თვითმმართველობის შენობაში ორი ოთახი აქვს გამოყოფილი, სადაც სამი ადამიანია დასაქმებული. ჩვენი მისვლის დროს ადგილზე მხოლოდ ერთი თანამშრომელი დაგვხვდა, რომელიც ბიუროს მუშაობის პრინციპის შესახებ გვესაუბრა. 

დიმიტრი მხეიძის ბიუროში ამბობენ, რომ წლის განმავლობაში მოქალაქეების 200-მდე წერილობითი განცხადება შემოდის, თუმცა განმარტავენ, რომ ზეპირი ფორმით გაცილებით მეტი მოქალაქე, 2 000-მდე მიმართავს.

ბიუროს თანამშრომლის, ვარლამ გობეჯიშვილის თქმით, მოქალაქეებს, ძირითადად, სოციალური დაცვისა და ჯანდაცვის საკითხები აწუხებთ.

„ასევე, უსახლკაროთა თემები, დევნილთა განსახლება და დასაქმების ეფექტიანი მექანიზმის შექმნა აინტერესებთ. ბოლოს ჯავახიშვილის ქუჩაზე წინა კვირას გვქონდა შეხვედრა, რომელიც, ძირითადად, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმარებასა და მოქალაქეთა ჩართულობის უკეთესი ხარისხის უზრუნველყოფას ეხებოდა“, - ამბობს ვარლამ გობეჯაშვილი.

"თვითონ მოქალაქეები წყვეტენ თუ სურთ დეპუტატთან შეხვედრა და ამის მიხედვით წყდება შემდეგ როდის შეხვდება დეპუტატი ამომრჩევლებს", - ამბობს გობეჯიშვილი. 

ბიუროში  გვითხრეს, რომ ბოლოს მაჟორიტარი დეპუტატი  მოქალაქეებს წინა კვირას შეხვდა და  მთავარი პრობლემად სოციალური საკითხების მოგვარება დასახელდა.

მუშაობით კმაყოფილია თავად დეპუტატი და 10 ბალიანი შეფასების სისტემიდან  ბიუროს მუშაობს უმაღლეს შეფასებას აძლევს. 

"რთულია შენი თავი შეაფასო, უფრო კარგია გვერდიდან როცა გაფასებენ, თუმცა ჩემ მიერ ინიცირებული კანონპროექტები მაძლევს იმის საფუძველს დადებითად შევაფასო ჩემი მუშაობა. ბევრია ასეთი უკვე მიღებული კანონები თუ კანონპროექტები. მაგალითად, ჩემი ინიციატივა იყო არ მოეხსნათ სოციალურად დაუცველებისთვის ერთი თვის განმავლობაში სოციალური შემწეობა, იმ შემთხვევაში თუ ისინი მუშაობას დაიწყებდნენ“, - ამბობს დიმიტრი მხეიძე.

მაჟორიტარი დეპუტატს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ხმების 75. 28 %, ანუ 11 727 ხმა ერგო. ის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრია.


კობა ნარჩემაშვილის ბიურო ქუთაისში

ქუთაისის მეორე მაჟორიტარი დეპუტატი კობა ნარჩემაშვილი პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროებისა და ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრია. დეპუტატს თავის  სამაჟორიტარო ბიუროში, რომელიც მერიის შენობის პირველ სართულზეა, ორი ადამიანი ჰყავს დასაქმებული. თუმცა, ჩვენი მისვლის მომენტში ადგილზე არცერთი მათგანი იყო. ნარჩემაშვილი ჩვენთან საუბარში ირწუნება, რომ მას მოქალაქეებთან აქტიური შეხვედრები აქვს.

"ბოლოს გვქონდა ავტოქარხნის დასახლებაში. მოსახლეობა, ძირითადად, მოგვმართავს ისეთი პრობლემებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში სცილდება ჩვენს კომპეტენციას.  მაგალითად, სოციალური დახმარების აღდგენას.  ასეთ შემთხვევებში ვაკავშირებთ მათ შესაბამის სამსახურებთან“, - ამბობს მაჟორიტარი დეპუტატი. ამბობს, თავისი ბიუროს მუშაობით  უკმაყოფილო არ არის, თუმცა აღნიშნავს, რომ უფრო მეტიც შეიძლებოდა. "უფრო მეტის" მიღწევაში თუ რამ შეუშალა ხელი მაჟორიტარ დეპუტატს, ასეთ პასუხს  გვცემს:

"ასე მარტივად ვერ გიპასუხებთ, ამას გარკვეული ანალიზი სჭირდება". 

კობა ნარჩემაშვილმა ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის მანდატისთვის საჭირო ხმა (67. 33%, ანუ 11 813 ხმა) 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში მიიღო.

გენადი მარგველაშვილის ბიურო ქუთაისში

28 შეხვედრა და  მოქალაქეების მხრიდან შესული 203 წერილი - ასეთია ქუთაისის მესამე მაჟორიტარი დეპუტატის მიმდინარე წლის მუშაობის შედეგი.  გენადი მარგველაშვილის ბიუროში 6 ადამიანი მუშაობს. ჩვენი მისვლის დროს კი ადგილზე მხოლოდ ერთი იმყოფებოდა. ზაზა ჯანგველაძის განმარტებით, მოქალაქეები, ძირითადად, მედიკამენტებითა და ოპერაციების დაფინანსების საკითხში დახმარებით მიმართავენ ბიუროს.

„ჩვენ მხოლოდ შუამდგომლობას თუ გავუწევთ მოსახლეობას შესაბამის სტრუქტურებთან. სხვა პრეროგატივა, სამწუხაროდ, არ გვაქვს“, - ამბობს გენადი მარგველაშვილის ბიუროს წარმომადგენელი, ზაზა ჯანგველაძე.

დეპუტატი  ბიუროს  მუშაობით კმაყოფილია.

„ნამდვილად დატვირთვით მუშაობს ჩემი ბიურო. ერთი ამომრჩეველი არ დაგვიტოვებია უყურადღებოდ, კომპეტენციის ფარგლებში. ქუთაისის გარდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის რვა სოფელი შედის ჩვენს დაქვემდებარებაში. პრობლემები ძალიან ბევრია, მაგრამ ვცდილობთ მაქსიმალურად ვიმუშაოთ მათ აღმოსაფხვრელად“, - ამბობს გენადი მარგველაშვილი.

გენადი მარგველაშვილი პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა.

მას 2016  წლის არჩევნებზე არჩევნებზე  69. 25 %, 11 313 ხმა ერგო.

რამდენად იცნობენ ქუთაისელები თავიანთ მაჟორიტარ დეპუტატებს, ნახეთ ვიდეოგამოკითხვა:

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.