პარლამენტმა საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით კონტიტუციურ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით ჩააგდო.
პლენარულ სხდომაზე რეგისტრაცია 141-მა დეპუტატმა გაიარა. პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას პირველი მოსმენით 101-მა დეპუტატმა, მათ შორის ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაუჭირეს მხარი. წინააღმდეგ კი 3 დეპუტატი წავიდა, თუმცა კვორუმი 113 ხმა იყო, რის გამოც კანონპროექტი ჩავარდა.
საპარლამენტო უმრავლესობის 93 დეპუტატის მიერ შემუშავებული კანონპროექტი კონსტიტუციაში ცვლილებებს ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული საარჩევნო სისტემითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარდება.
საკონსტიტუციო ცვლილებები კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში ხორციელდება. პროექტის მიხედვით, ამოღებულია ჩანაწერი 3%-იან საარჩევნო ბარიერსა და ასევე, პოლიტიკური პარტიების საარჩევნო ბლოკებზე.
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში გაწერილი ფორმულის მიხედვით, იმისათვის, რომ განისაზღვროს რამდენი მანდატი მიიღო პარტიამ, მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე გამრავლდება და არჩევნებში მონაწილე ყველა პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოფა. მიღებული მთელი რიცხვი პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა იქნება.
თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უდიდესი ნაშთის მქონე პოლიტიკური პარტიები. საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს (მანდატებს) მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას.
პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის
უფლება აქვს ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც არანაკლებ 5 000
ამომრჩევლის ხელმოწერა ექნება. ამომრჩევლის ხელმოწერებით მხარდაჭერის
დადასტურებისგან თავისუფლდებიან ის პარტიები, რომლებმაც მონაწილეობა
მიიღეს პარლამენტის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნებში
და მიიღეს სულ ცოტა 15 000 ხმა. ასევე, ხელმოწერებისგან
თავისუფლდებიან პარტიები, რომელთა კანდიდატმაც 2018 წლის საპრეზიდენტო
არჩევნების პირველ ტურში მიიღო სულ ცოტა 15 000 ხმა.
interpressnews.ge
მასალის გამოყენების პირობები