ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესულ ცვლილებებს, რომლითაც საკრებულოს უფლებამოსილებები ქალაქის მერს გადაეცა, ქუთაისის პოლიტიკურ წრეებში კრიტიკა მოჰყვა.
სარეკბულოს უმცირესობა თვლის, რომ თვითმმართველობა, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების განშტოებად ჩამოყალიბდა, რეალური ფუნქციების მიღმა რჩება.
ქუთაისის საკრებულოს უმცირესობის წევრი ბესო ბრეგაძე განმარტავს, რომ კოდექსში განხირციელებული ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არა ერთიანად, არამედ საკრებულოს სხდომებზე პერიოდულად იგებენ.
"წინა სხდომაზე, მაგალითად, ქუჩების სახელდების თემა გამოიტანეს, რომელიც ცენტრალური ხელისუფლების მიერ შექნილმა კომისიამ წაიღო. ქუთაისში რომ გინდოდეს ქუჩაზე სახელის გადარქმევა, ეს ამ კომისიამ უნდა განიხილოს. ადრე საკრებულოსთან იყო შესაბამისი კომისია, რომელიც ამ საკითხებს განიხილავდა," - ამბობს ბესო ბრეგაძე.
მორიგი საკანონმდებლო ცვლილება, რაზეც საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი მიანიშნებს შესყიდვების გეგმაა, რომელსაც ქალაქის მერი მომხდარი ცვლილების შემდეგ, უკვე ერთპიროვნულად ამტკიცებს.
"გამგებელი/მერი არაუგვიანეს თებერვლისა საკრებულოს უგზავნის შესყიდვების გეგმის შესაბამისად წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშს; ახორციელებს შესყიდვებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით," - განმარტავს საქართველოს ორგანული კანონი "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ. (მუხლი 54, პუნქტი 1)
ასევე, ქალაქის მერს შეუძლია დამოუკიდებლად განკარგოს საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხაში შესული ქონება და საკუთარი გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულოს თანხმობის გარეშე, გაყიდოს ან გააიჯაროს.
აქედან გამოდინარე, ქუთაისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ თვითმმართველობის ფუნქციების თანდათანობით შემცირებით დეცენტრალიზაციის არსი კნინდება, რაც
ქალაქებსა და სოფლებს არ აძლევს განვითარების საშუალებას
"ეს ცვლილებები მანამდე იყო საკრებულოს ფუნქციები, რომლებიც დებულებით და კოდექსით იყო განსაზღვრული, მაგრამ ნელ-ნელა შევიწროვდა. ჩვენ დავრჩით ბიუჯეტის მიმღები ორგანო, რომელიც ბიუჯეტის ხარჯვის პროცესში მონაწილეობას ვერ იღებს. ეს დეცანტრალიზაცია არაა, ესაა ცენტრალიზაცია. ეს ევროპისკენ არ მიგვაქანებს და განვითრებისკენ ნამდვილად არ წაგვიყვანს. დღეს საერთოდ დავიწყებულია რეალური თვითმმართველობის არსი თუ რას ნიშნავს ის ქალაქის და სოფლის განვითარებისთვის. ვხდებით ცენტრალური ხელისუფლების განშტოება, რომელსაც თავისი პრობლემები უფრო მეტი აქვს, ვიდრე თვითმმართველობებს," - აცხადებს
ქუთაისის საკრებულოს "ნაციონალი" დეპუტატი ბესიკ ბრეგაძე.
საკრებულოს უფლებამოსილებების შემცირების შესახებ უმცირესობის წარმომადგენლის მოსაზრებას არ იზიარებენ უმრავლესობაში. ქუთაისის საკრებულოს იურიდიული კომიტეტის წევრი, ლაშა გვენეტაძე ამბობს, რომ მერს გარკვეული უფლებამოსილებები მართალია გაეზარდა, თუმცა საკრებულოს წინაშე ანგარიშის ჩაბარების უფლება უცვლელი დარჩა.
"პირიქით, კანონმა საკრებულოს ზედამხედველობის უფლება დაუტოვა იმით, რომ მერს ანგარიშის ჩაბარების უფლება აქვს. შემცირება-გაზრდაზე ვერ ვიტვით იმიტომ, რომ ამ სამართლებრივ აქტებს ისედაც მერია ამზადებდა და შემოქონდა საკებულოში. შემდეგ საკრებულო იხილავდა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე მათ მიზანშეწონილობას," - აღნიშნავს ლაშა გვენეტაძე.
საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები, თვითმმართველობის კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, საკრებულოების უფლებამოსილების შემცირებასა და მერების კომპეტენციის ზრდაზე კომენტარს არ აკეთებენ. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ვახტანგ ხმალაძე განმარტავს, რომ ეს საკითხი მოძველებულია.
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს პარლამენტმა 2014 წლის 5 თებერვალს მიიღო. საკანონმდებლო ორგანომ ამ დრომდე კოდექსში ცვლილებათა პაკეტი სულ 12-ჯერ შეიტანა. ბოლო ცვლილება კოდექსში მიმდინარე წლის 22 ივლისს შევიდა.
დეა მანაგაძე
მასალის გამოყენების პირობები