სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი
ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული
ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი
ოდენობით სხვისი ნივთის თაღლითურად დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური
დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტზე შპს „ტ და გ“-ს დამფუძნებელი
და დირექტორი ტარიელ ბ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ შპს „ტ და
გ“ აწარმოებდა რუფოთი-ალისუბანი-საზანო-თუზი-ქვაციხე-კაცხის
საავტომობილო გზის ერთ-ერთი მონაკვეთის სარეაბილიტაციო
სამუშაოებს.
"კომპანიის დირექტორმა და დამფუძნებელმა ტარიელ ბ-მ არასრულყოფილად
შეასრულა საავტომობილო გზების დეპარტამენტთან დადებული ხელშეკრულების
პირობები და მიღება-ჩაბარების აქტებში ყალბი მონაცემების შეტანით
მოტყუებით დაეუფლა სახელმწიფოს კუთვნილ დიდი ოდენობით თანხებს", -
აცხადებენ სუს-ში.
გამოძიება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დიდი ოდენობით
სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის
დამზადებისა და გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. 180-ე მუხლის მე-3
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებითა და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების
აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული
სააგენტო აწარმოებს.
მასალის გამოყენების პირობები