საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდებულთა შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს.
სალომე ზურაბიშვილის განმარტებით, მომავალი კვირიდან შედგება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს საზოგადოების შეშფოთება.
„როგორც პრეზიდენტი, მე ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე. მერე ვნახოთ როგორ იქნება, წესები როგორი იქნება და როგორ იქნება შეწყალება, ამის მიხედვით განისაზღვრება. იყო ბევრი სპეკულაცია სხვადასხვა ადამიანის ჩარევაზე, მათ შორის ჩემს საპარალამენტო მდივანზე, მაგრამ ეს არ არის მისი კომპეტენცია და ის არ შეიძლება, ჩარეული ყოფილიყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და არ მჩვევია, ვინმე სხვაზე გადავიტანო პასუხისმგებლობა.
მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს," - განაცხადა პრეზიდენტმა.
ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას მორატორიუმის გამოცხადების შესახებ წინ უძღოდა მის მიერ 18 წლის ბიჭისა და პოლიციელის მკვლელების შეწყალება, რასაც საზოგადოების მხრიდან შეშფოთება და კრიტიკა მოჰყვა.
მასალის გამოყენების პირობები