პოლიტიკა
„შიში შეიქმს სიყვარულსა“- არჩევნებში გამარჯვების ფასი
FaceBook

„შიში შეიქმს სიყვარულსა“ - გვეუბნება ვეფხისტყაოსანი.

ალბათ, შოთა რუსთაველი ამ სიტყვების დაწერისას ყველაზე ნაკლებად ერთი კანდიდატით შეშინების ხარჯზე მეორე კანდიდატის შეყვარებას გულისხმობდა, თუმცა თამამად შეიძლება ითქვას, რომ მთელი მეორე ტურის წინასაარჩევნი კამპანია სწორედ ამ კონცეფციით წარიმართა.

 

ამან, თავის მხრივ, 2018 წლის პრეზიდენტის არჩევნებში რიგი ახალი ტექნოლოგიებისა და მეთოდების დანერგვა განაპირობა.

მეთოდი #1: ბანერების ომი. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ საგანგებოდ მეორე ტურისთვის უცნობი ბანეროლოგი მოიწვია, აქამდე უცნობი სტრატეგიითა და ანალიზის უნარით: ანუ, თუ ამომრჩეველი კანდიდატს ხმას არ აძლევს, ალბათ იმიტომ, რომ ის არ მოსწონს. ამიტომ დამოუკიდებელი სახელისუფლებო კანდიდატის სარეკლამო ბანერებზე სულ სხვა პირების ფოტოები დაიბეჭდა. ხედავთ სხვას, ირჩევთ სულ სხვას. რატომ? - იმიტომ, რომ პრინციპის საქმეა. - აი ასე, ძალიან მარტივად მოგვარდა დამოუკიდებელი სახელისუფლებო  კანდიდატის მარცხის ყველაზე სავარაუდო მიზეზი, - ამომრჩევლის აპათია მის მიმართ.

იმავე უცნობმა ბანეროლოგმა ანტიბანერებიც შექმნა, - ანუ იზრუნა, ამომრჩეველს მეორე კანდიდატის მიღმა „სისხლიანი 9 წლის“ გაელვება და მისი შემოქმედი პირები დაენახა -  არა  უტრირება და პოლიტიკური მინიშნებები, არამედ ფოტოშოფი და მისი ჯანი - ოთხი ვაშაძის მიღმა ბანერზე ნაციონალური მოძრაობის ოთხი ისტორიულად მძვინვარე  მოღვაწე ჩანდა და ვინაიდან ნაციონალურ მოძრაობაში ასეთები ბლომად იყვნენ,  გზის გასწვრივ, სულ ასიოდე ნაბიჯში, ხუთ ისეთ ბანერს ნახავდით, სადაც მხოლოდ ვაშაძის სილუეტი მეორდებოდა, მის მიღმა ნაციონალური მოძრაობის  მძვინვარე და საშიში სახეების ფართო ასორტიმენტით.

ბანერები დასახლებულ პუნქტებში საკმაოდ დიდი სიხშირით იყო გაკრული, მაგრამ მოგეხსენებათ, მათი გაკვრა მოქალაქეების სახლებში ვერ მოხერხდა. ამიტომ მათთვის, ვისაც გარეთ გასვლა ხშირად არ უწევს, სპეციალური, მრავალფეროვანი  შემაშინებელი sms-გზავნილები შეიქმნა: არა ნაცებს, არა ბოროტებას! არ დაუშვა ძალადობა! და ა.შ.




ვეფხისტყაოსნის კონცეფციით მომუშავე ჯგუფმა იმ ამომრჩევლებზეც იზრუნა, ტელეფონი რომ არ აქვთ და დიდად არც ქუჩაში გაკრულ ბანერებს აკვირდებიან.  სპეციალურად მეორე ტურისთვის შეიქმნა და გაიხსნა სამოქალაქო მოძრაობის ოფისები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში სახელწოდებით „არა მიშას! არა ნაცებს“. მოკლედ, მეორე ტურის წინასაარჩევნო კამპანია ცოტაც რომ გაგრძელებულიყო, სააგიტაციო ჯგუფები ეზოებში მეგაფონებით ივლიდნენ - დაახლოებით ისე, როგორც გაზის თანამშრომლები აფრთხილებენ ხოლმე მოქალაქეებს. ოღონდ ამჯერად „გაზი მოვიდას“ ნაცვლად, ტექსტი იქნებოდა „მიშა მოვიდა!“

ხელისუფლებამ მათზეც იზრუნა, ვისაც არც ტექსტური შეტყობინებები ანაღვლებს და არც უბნის აგიტატორები - 600 ათას კაცს უიმედო კრედიტები ჩამოაწერა.

კულიმინაცია კი „შეაშინე და მიეცი“ კამპანიით დამუშავებულ მოსახლეობას არჩევნების წინა ღამეს ელოდა, როდესაც საღამოს სიმშვიდეში ტელეფონის ზარი გაისმა და შემომავალ ნომრად 48 დაიწერა. პასუხის ღილაკზე დაჭერის შემდეგ, გულუბრყვილო და ალალმართალი ინტონაციით, თვით ბიძინა ივანიშვილი გაგესაუბრებოდათ, რომელიც ყოველგვარი მოკითხვის გარეშე, კიდევ ერთხელ შეგახსენებდათ ბოროტების შესაძლო დაბრუნების შესახებ და მოგიწოდებდათ, არჩევებზე წასულიყავით - რაღა თქმა უნდა, არა ბანალურად მისი დამოიკიდებელი კანდიდატის, არამედ „საქართველოს ნათელი მომავლის“ მხარდასაჭერად.

ჟურნალისტი, ხვიჩა ვაშაყმაძე ერთერთი იყო, რომელსაც არჩევნების დღეს, 28 ნოემბერს 48 ნომერმა დაურეკა და არჩევნებზე წასვლისკენ მოუწოდა. მას ასევე, წინა დღეებში „ქართული ოცნებიდან“ SMS შეტყობინებებიც მისდიოდა, რომელსაც, მისი თქმით, არც გაცნობია. 



ბოლომდე არ მომისმენია. მოწოდება როცა დაიწყო, გავთიშე, რადგან მე უკვე არჩევნებზე ვიყავი და არჩევნებზე მისასვლელად მისი მოწოდება არ მჭირდებოდა. მიმაჩნია, რომ მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა მაქვს და არჩევნებზე ყოველგვარი მოწოდებების გარეშე დავდივარ“, - ამბობს ხვიჩა ვაშაყმაძე.

„ოცნების“ მოკლე ტექსტურმა და სატელეფონო ზარებმა ამომრჩეველთა დიდი ნაწილი მოიცვა, რაც სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული პოსტებიდანაც ჩანს. რამდენად იქონია არჩევნების შედეგებზე ციფრულმა აგიტაციამ გავლენა, ძნელი სათქმელია, თუმცა, ცხადია, რომ მმართველი პარტია სრული მობილიზაციითა და ყველა ხერხის გამოყენებით შეეცადა სასურველი შედეგის მიღწევას.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო
არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
10:05 / 19.11.2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს,
25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი
შემადგენლობა წარედგინება.
11:36 / 18.11.2024
არჩევნების ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებიდან ზუსტად მე-10 დღეს, 25 ნოემბერს, პარლამენტს, ნდობის გამოსაცხადებლად, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარედგინება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.