გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ ქუთაისში ტაქსის
მძღოლს უცნობი პირები პოლიტიკური მოტივით დემუქრნენ.
მუქარის ფაქტზე "ქუთაისიპოსტს" "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული
ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძაგნიძე ესაუბრა.
"ბიძაჩემი ტაქსის მძღოლია. ორი დღის წინ მას ქუთაისში უცნობი ადამიანი
ჩაუჯდა და გააფრთხილა, თუ მისი ოჯახი და ნათესავები არ დაალაგებდნენ
"ოცნებასთან" ურთერთობას, მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა," –
გვიყვება "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის
თავმჯდომარე კობა ძაგნიძე.
"ევროპული საქართველოს" ვანის ორგანიზაციის ლიდერი თემაზე დეტალურად
საუბარს ჯერჯერობით ერიდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან
დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.
ტაქსის მძღოლის დაშინების შემთხვევაზე საუბრობს "ევროპული
საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძეც.
"საღორიის ტყეში ჩაუჯდა ტაქსში ამ ადამიანს პირი, რომელიც ოჯახის
განადგურებით დაემუქრა. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციური
პარტიის მომხრეები და აქტივისტები არიან. ამიტომ ვაფრთხილებთ მუქარის
ინიციატორებს, თუ ამ ტაქსის მძღოლს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს
თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, პასუხისმგებლობა პირდაპირ ხელისუფლებას
დაეკისრება," - ამბობს აკაკი ბობოხიძე.
"ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის
კობა ძაგნიძის თქმით, ბიძამისს ამ ფაქტზე მედიასთან საუბარი არ
სურს.
ტაქსის მღოლლის მიმართ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მუქარის
შემთხვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს
მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.
მასალის გამოყენების პირობები