"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ორგანიზაციის წარმომადგენელი, გიგა
შუშანია "თეთრი ხიდის" უსაფრთხოებასა და დახარჯული თანხების
არამიზნობრიობაზე საუბრობს.
მისი თქმით, ქუთაისის მერიის მიერ ხიდის რეაბილიტაციაში
დახარჯული 500 000 ლარი არის გაფლანგული თანხა ბიუჯეტიდან, რადგან
სამუშაოები უხარისხოდ შესრულდა, ხოლო კონსტრუქცია იმაზე ცუდ დღეშია,
ვიდრე რეაბილიტაციამდე იყო.
"გახსნიდან ორ დღეში ზედაპირმა დაიწყო აძრობა. ასევე, ამ ხიდზე გავლა
არ იქნება უსაფრთხო, როდესაც ეს რკინის გალაქული ზედაპირი გაიყინება
და ზაფხულში გახურდება. გვაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამ პროექტის
მიმდინარეობისას სამუშაოების შემსრულებელ კომპანიასა და ქუთაისის
მერიას შორის ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა, იმიტომ რომ
საბოლოო სახით ეს ხიდი არ შედგა ისეთი სახით, როგორიც იყო პროექტში",
- ამბობს გიგა შუშანია.
ქუთაისის მერიამ თეთრი ხიდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
განმარტება უკვე გააკეთა. მერია აცხადებს, რომ არსებობს
კონსტრუქტორის დასკვნა, რომელიც პროექტს თან ახლავს.
"კომპანია ,,ალმა რუს საქართველომ" ხიდზე არსებითი სამუშაოები უკვე
დაასრულა. დარჩენილია ხარვეზების გამოსწორება (ზედაპირის კოსმეტიკური
სამუშაოებთან დაკავშირებით). აღნიშნულ ხარვეზებზე კომპანიას მიეთითა
პროექტზე ზედამხედველობის სამსახურების მიერ. სამუშაოებზე
ასანაზღაურებელი დარჩა 170 000 ლარი, რომელსაც კომპანია მიიღებს
პროექტის სრულყოფილად დასრულების შემდეგ, შესაბამისი ჯარიმების
გამოქვითვით", - აცხადებენ მერიაში.
თეთრი ხიდი, რომლის რეაბილიტაციის დასრულებასაც ადგილობრივები ხუთი
თვე ელოდნენ, 3 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა.
ხიდზე ფილების ნაწილი დამაგრებული არ არის. რამდენიმე ფილა ფეხის
დაბიჯების დროს მოძრაობს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხიდზე
გადაადგილების დროს თავს უსაფრთხოდ არ გრძნობენ.
მასალის გამოყენების პირობები