პოლიტიკა
ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული განაჩენის მოლოდინში
FaceBook
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში, წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში ყოფილი კლასელის მკვლელობაში ბრალდებული დაიკითხა.
ი. ტ.-მ დაკითხვაზე კიდევ ერთხელ აღიარა ბრალი და კონფლიქტის მიზეზიც, რასაც მკვლელობა მოჰყვა. თუმცა, ბრალდებული ამბობს, რომ მას მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა და მეგობარს დანა თავის დაცვის მიზნით მოუქნია.

"მეექვსე კლასში გადმოვიდა ჩვენთან თორნიკე. მასთან კარგი და ხშირი ურთიერთობა მქონდა. ტელეფონი რომ მოვიპარე ერთად ვიყავით. შემდეგ თორნიკე იმ გოგოსთან ერთად მოვიდა ჩემთან სახლში, ვისაც ტელეფონი მოვპარე. მე მეწყინა, რომ ასე მოიქცა. დავურეკე და ვუთხარი რატომ დამაყენე ის გოგო სახლშითქვა, არ მინდოდა ჩემ მშობლებს გაეგოთ ეს ამბავი. მეორე თუ მესამე დღეს დ.კ.-ს ჭიშკართან შევხვდით და დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე წავედით სოფლისგან მოშორებით. თორნიკემ შეიგინა დედაჩემის მისამართით და დამარტყა. ჩემზე ძლიერი იყო ფიზიკურად და მახრჩობდა. ამ დროს გამახსენდა, რომ ჯიბეში დანა მქონდა. მე საერთოდ დანას ვატარებდი. ამოვიღე და მოვუქნიე", - განაცხადა ბრალდებულმა დაკითხვაზე.

ის ამბობს, რომ მას გარდაცვლილი არ მიუტოვებია. ჩხუბის დროს მასთან ერთად მყოფ პირებს თორნიკეს მანქანაში ჩასმაში მიეხმარა და ერთ-ერთი მეგობრის სახლამდე მიაყვანია, შემდეგ კი თბილისში მიმავალ მიკროავტობუსს გაჰყვა, რადგან იცოდა, რომ დააკავებდნენ. 

პროკურორი, რევაზ თოფურიძე ბრალდებულს ნახევარი საათის განმავლობაში კითხავდა. მან ბრალდებულს სთხოვა გაეხსენებია რა პოზიციაში იმყოფებოდნენ ის და გარდაცვლილი, როცა მან თორნიკე ბაღაშვილს დანა დაარტყა. ბრალდებულმა თავდაპირველად თქვა, რომ მასსა და გარდაცვლილს შორის მანძილი დაახლოებით ერთი მეტრი იყო, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ თორნიკემ იგი მიწაზე წააქცია და ზურგიდან ახრჩობდა. სწორედ ამ დროს მოიქნია დანა მარჯვენა ხელით. მას შემდეგ კი, რაც პროკურორმა ჰკითხა ბრალდებულს, როგორ შეძლებდა იგი ამ მდგომარეობაში მარჯვენა ხელით გარდაცვლილი მარცხენა მხარეს, გულის არეში დაეჭრა, მითუმეტეს, როცა, ექსპერტიზით დადგენილია, რომ გარდაცვლილს ჭრილობა 126 სმ-ის სიმაღლეზე აქვს მიყენებული, ბრალდებულმა თქვა, რომ ზუსტად არ ახსოვს რა მომენტში დაარტყა დანა გარდაცვლილს.

დაკითხვაზე ბრალდებულმა ასევე უარყო, რომ საქმის გასარჩევად სოფლიდან მოშორებით წასვლა მისი ინიციატივით მოხდა.

"დ.კ. -მ თქვა აქ უწმაწური სიტყვები იქნება და იქეთ წავიდეთო",- თქვა ბრალდებულმა დაკითხვაზე, თუმცა, შემდეგ განაცხადა, რომ თავად თქვა ამის შესახებ და შემთხვევის ადგილზე მყოფ პირებსაც წინ თვითონ მიუძღოდა. თუმცა, ბრალდებული ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ იმიტომ თქვა, რომ არ სურდა კამათი ვინმეს გაეგონა და თორნიკე ბაღაშვილის მოკვლა განზრახული არ ჰქონდა.

დაკითხვაზე ბრალდებულმა ასევე განაცხადა, რომ პოლიციისთვის ჩაბარებას აპირებდა, რის შემდეგაც მას პროკურორმა ჰკითხა, ჰქონდა თუ არა მას ამ შემთხვევამდე სხვა მომენტი, როცა პოლიციაში მისვლაზე ფიქრობდა.

"მე არაფერი ჩამიდენია აქამდე, რომ პოლიციაში მივსულიყავი", - უპასუხა  ბრალდებულმა შეკითხვას. თუმცა, მან  მანამდე აღიარა, რომ მკვლელობამდე გარდაცვლილისა და მის საერთო მეგობარ გოგონას მობილური ტელეფონი მოჰპარა, რაც საბოლოო ჯამში მკვლელობის მიზეზი გახდა.

ბრალდებულმა დაკითხვის დროს ჩვენება რამდენჯერმე შეცვალა.

პროცესზე ბრალდებული დაცვის მხარემაც დაკითხა. ადვოკატ, ირაკი შენგელიას შეკითხვებზე პასუხად ი. ტ.-მ განაცხდა, რომ მან გარდაცვლილს დანა მხოლოდ თავის დაცვის მიზნით დაარტყა, რადგან თორნიკე ბაღაშვილი მასზე ძლიერი იყო. გარდა ამისა, მან არ იცოდა, რომ გარდაცვლილი არასრულწლოვანი იყო.

დაცვის მხარის სტრატეგია სწორედ ამაზეა აგებული. ადვოკატი ირაკლი შენგელია მუხლის გადაკვალიფიცირებას და არასრულწლოვანისთვის, ნაცვლად 109 მუხლის  მეორე ნაწილის ბ პუნქტისა, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობას გულისხმობს,  ბრალის წაყენებას 108 მუხლით ითხოვს. პირველ შემთხვევაში ბრალი 13-დან 17 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს,  108 მუხლზე  კი თავისუფლების აღკვეთის ვადა 7-დან 15 წლამდეა.  

პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეც დაიკითხა, თუმცა, უცნობია რა ჩვენება მისცა მოწმემ, რადგან,  მისი არასრულწოვანი ასაკის გამო, სხდომა ნაწილობრივ დაიხურა.

ამით, სასამართლომ მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპი დაასრულა. მომდევნო სხდომაზე მხარეები დასკვნითი სიტყვით წარსდგებიან, რის შემდეგაც,  სასამართლომ განაჩენზე უნდა იმსჯელოს.

წყალტუბოს სოფელ ოფშკვითში, 2017 წლის 2 დეკემბერს, 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ყოფილმა თანაკლასელმა მოკლა. მოზარდს დანა გულის არეში ჰქონდა დარტყმული. 17 წლის თორნიკე ბაღაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

მობილურით გახსნილი მოზარდის მკვლელობის საქმე

წყალტუბოში მოკლული მოზარდის ახლობლები ბრალდებულის ოჯახის სოფლიდან გასახლებას ითხოვენ

ორთვიანი წინასწარი პატიმრობა არასრულწლოვანის მკვლელობაში ბრალდებულს

წყალტუბოში მოზარდი მოკლეს

წყალტუბოში, მოზარდის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.