საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ვახტანგ მახარობლიშვილის
განცხადებით, მთავრობა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით
გამოკვეთილ პრობლემებზე რამდენიმე მიმართულებით იმუშავებს.
"პირველ რიგში, ჩვენი მიზანია, ჩვენმა მოქალაქეებმა კარგად გაიგონ, რა
რისკებთან არის დაკავშირებული მათი არალეგალური ვიზიტები და
თავშესაფრის მოთხოვნები, რამდენად მძიმეა მათთვის ეს, როგორც
ფინანსურად, ასევე - შემდგომი შედეგებიდან გამომდინარე, და ამ
ინფორმაციას ჩვენ მაქსიმალურად გავავრცელებთ და შევეცდებით კიდევ
ერთხელ მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას კამპანიური სახით - ამის შესახებ
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ
პრემიერ-მინისტრთან საგანგებო თათბირის შემდეგ განაცხადა.
საგანგებო თათბირს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი
გახარია, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, მთავარი პროკურორი ირაკლი
შოთაძე და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ
გომელაური ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ის ნაბიჯები განიხილეს, რომელთა გადადგმა უმოკლეს ვადებში
იგეგმება, რათა ევროკავშირის ქვეყნებში თავშესაფრის მაძიებელთა
რაოდენობა კიდევ უფრო არ გაიზარდოს და ეს ვიზალიბერალიზაციის
შეფერხების მიზეზი არ გახდეს.
"ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდებით ჩვენი პარტნიორების წუხილს.
დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა შესაძლო ნაბიჯი, რომელიც ამ
რისკებიდან დაგვაზღვევს, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა რაოდენობა კიდევ
უფრო არ გაიზარდოს და ეს არ გახდეს ვიზალიბერალიზაციის პროცესის
შეფერხების მიზეზი.
ჩვენი მხრიდან გადაიდგმება ნაბიჯები, როგორც შიდა კანონმდებლობის,
ასევე პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და ქვეყნის შიგნით
შესაბამისი კამპანიის წარმოების კუთხით, რომელიც დაფარავს ყველა
ასპექტს. პარტნიორ ქვეყნებთან ვიმუშავებთ როგორც ცენტრალური, ასევე
ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე, თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად
აქტიური იქნება ორგანიზებული კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლის
მიმართულებით. ეს თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება და მომავალშიც
გაგრძელდება, რათა ჩვენ ორივე გამოწვევას, რომელიც უკავშირდება ერთი
მხრივ, ორგანიზებულ დანაშაულთან ერთობლივ ბრძოლას და მეორე -
თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის ზრდას, ჩვენს პარტნიორებთან ერთად
გადადგმული ნაბიჯებით გავუმკლავდეთ", -
განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.
მასალის გამოყენების პირობები