პოლიტიკა
ფასიანი სკოლამდელი აღზრდა - უთანასწორობის რისკები და ბუნდოვანი ეკონომიკური სარგებელი
FaceBook

საბავშვო ბაღები, შესაძლოა, ფასიანი გახდეს.


"ეს არის ჩემი ძალიან ნედლი აზრი, რომელსაც ჩვენ მთავრობაში ვიხილავთ", - ეს განცხდება პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ეკუთვნის, რომელიც პარლამენტში სხდომის დროს გააკეთა.

გაჟღერებული ინიციატივის შესახებ კონკრეტულად არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ ცვლილების განხორციელების შემდეგ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება უფასო მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იქნება. თუმცა, ამ დრომდე არ არსებობს კვლევა თუ რამდენი სოციალურად დაუცველი ბავშვი სწავლობს ქვეყნის მასშტაბით ბაღებში ან რა თანხის დაზოგვაზეა საუბარი.

პრემიერის ნედლ აზრს არ იზაირებს მშობელთა ნაწილი და არასამთვრობო ორაგნიზაციის წარმომადგენლებიც. ისინი თვლიან, რომ ეს ინიციატივა საზოგადოებაში უთანასწორობის შეგრძნებას გააჩენს.

"ეს ინფორმაცია, რომ მოვისმინე არ მომეწონა, ვფიქრობ ყველას ერთნაირი უფლება და ვალდებულები უნდა ჰქონდეს ამ საზოგადოებაში. შესაძლოა, არ ვართ სოციალურად გაჭირვებულები, მაგრამ ყველას თავისი პრობლემა აქვს, ვინ იცის ჩვენც როგორ გვიჭირს? ", - ამბობს მშობელი, იზა ფურცხვანიძე.

"გააჩნია რამდენი იქნება საფასური. ამას ყველაზე მეტად მიექცევა ყურადღება, შესაძლოა, გარკვეული შემოსავლის მქონე ოჯახებმა შეძლონ გადახდა, მაგრამ რა რაოდენობის თანხაზეა საუბარი. ვინ იქნება გადამხდელი ამას მიექცევა ყურადღება. მე მაინც მგონია, რომ განათლება ისეთი რამ არის, რომ აუცილებელია სახელმწიფომ ჩადოს თანხა და უზრუნველყოს უფასო განათლება, ახლა რომ საბავშვო ბაღში გადასახადი დამიწესონ გამოდის უნდა ველოდო იმას, რომ შემოსავლის მქონე ოჯახებს შემდეგ საჯარო სკოლებშიც მოუწევთ გადახდა და, შესაძლოა, ასეთი კანონიც შემოგვთავაზონ შემდეგ?!, - ამბობს კიდევ ერთი მშობელი მარიკა ვაჭარაძე.

მშობელების მხოლოდ მცირე ნაწილი თვლის, რომ განათლებაში ფინანსები სახელმწიფოსთან ერთად ოჯახმაც უნდა ჩადოს.

"უფასო განათლების მიღება საბავშვო ბაღებში, ეს იყო მთავრობის, ასე ვთქვათ კეთილი ნება, თორემ, ვფიქრობ, ვისაც ოდნავი ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ის ოჯახი ბავშვის ბაღის ასაკიდანვე უნდა მიეჩვიოს შვილის აღზრდისთვის თანხის გადახდას", - ამბობს მშობელი, ვალიდა დვალიშვილი.

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ფასიან მომსახურებაზე გადასვლის შემდეგ ფინანსურ სარგებელზე საუბრობენ ააიპ ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებაში. ჩვენთან საუბარში გაერთიანების ხელმძღვანელი, დავით წიატიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოსთვის ბავშვები და განათლება პრიორიტეტულია.

"მაგრამ არის შემთხვევები, რომ ბავშვთა რიცხვის მატების გამო ვერ ვატევთ მათ შენობაში, სახელმწიფო ამ ყველაფერს ვერ აუდის. არის ძალიან ბევრი გამოწვევა, გარდა ამისა, ჩვენი კოლექტივი ძალიან მწირ ხელფასს იღებს. თუ დაწესდება ფასიანი სწავლება, იქნება შესაბამისი კატეგორიები განსაზღვრული ვინ უნდა გადაიხადოს ეს თანხა. ეს ერთიანობაში იმდენ შემოსავალს მოგვცემს, რომ გაგვიზრდის ბიუჯეტს. ეს იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის, უკეთესი კვებისკენ მიმართული. ეს იქნება ძალიან დიდი საქმე ისევ აღსაზრდელებისთვის", - ამბობს დავით წიტაიშვილი.

ქუთაისში არსებულ 37 საბავშვო ფილიალში 10 000- მდე აღასზრდელია რეგისტრირებული. აქედან, რამდენი ბავშვია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახიდან, გაერთიანებას მონაცმები არ აქვს.


***
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის 2017 წლის მონაცემებით, ქვეყნის მაშტაბით საბავშვო ბაღებში 153 230 აღსაზრდელი ირიცხება. მონაცემები იმის შესახებ თუ რამდენი ბავშვია სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახებიდან, არ არსებობს. მხოლოდ ცნობილია ის, რომ ქვეყანაში 131 502 სოციალურად დაუცველი ოჯახი და 0-დან 6 წლამდე 47 314 ბავშვი ცხოვრობს.

საბავშვო ბაღებში სწავლის საფასურის შესაძლო დაწესებას უარყოფითად აფასებენ გაეროს ბავშვთა ფონდში.

UNICEF - ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი მაია ქურციკიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ გადასახადების შემოღება აღსაზრდელებში და მათ მშობლებში უკვე არსებულ უთანსწორობის გრძნობას გააღრმავებს.


UNICEF - ში მიიჩნევენ, რომ ადრეულ ასაკში განათლებას "გამათანაბრებელი" პოტენციალიც აქვს და გადასახადების შემოღებამ შესაძლოა, საწინააღმდეგო დინამიკა შექმნას. მაია ქურციკიძის თქმით, ფასის დაწესებით, საჯარო ბაღებზე გავლენას მოახდენს საბაზრო ძალები, რომელიც უპირატესობას ანიჭებს საზოგადოების მდიდარ ფენას და გამორიცხავს უფრო ღარიბებს.


"უთანასწორობა უკვე არსებობს, რადგან სოფლად მცხოვრებ ოჯახებს ისედაც ნაკლებად მიუწვდებათ ხელი ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე. ზოგადად, ადრეულ სკოლამდელ განათლებას უფრო მეტად გამათანამბრებელი პრინციპი უნდა გააჩნდეს, აუცილებელია სოფლად მცხოვრებ ბავშვებს მაქსიმალურად შეექმნათ შესაბამისი პირობები, რომ მათ მიიღონ ხარისხიანი განათლება, ღარიბ ოჯახებში მცხოვრები ბავშვები აუცილებელია იღებდნენ ისეთივე პირობებში განათლებას, რომ მათ შეძლონ თანაბარი იყვნენ სხვა ბავშვებთან ერთად", - განმარტავს მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, ქვეყანაში ამ დროისთვის ბაგა-ბაღებში არსებული უთანასწორობა იმაში ვლინდება, რომ საქართველოს რეგიონების ნაწილში არ არის საბვშვო ბაღის შენობები, ნაწილი მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურულად, ხოლო ქალაქებში, ამ მხრივ, შედარებით უკეთესი სიტუაციაა. აქედან გამომდინარე მაია ქურციკიძე მიუთითებს, რომ დამატებით საფასურის დაწესება ვერ გამოასწორებს არსებულ მდგომარეობას. მისი თქმით, უმჯობესია ქვეყანამ იმუშაოს იმ ახალი სტანდარტების დაკმაყოფილებაზე, რომელიც საქართველოს მთავრობამ ახლახანს შეიმუშავა.

"კანონი ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ უზრუნველყოფს უფასო, საყოველთაო და ხელმისაწვდომ სკოლამდელ განათლებას ყველა ბავშვისთვის და აწესებს ეროვნულ სტანდარტებს და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის წესს. კანონის განხორციელებისთვის საჭიროა ამ სექტორში ინვესტიციების გაზრდა, მუნიციპალური ხელისუფლებების შესაბამისად, გაძლიერება და ადრეული განათლების სფეროს მასწავლებლების მომზადებისა და მათი პროფესიული განვითარებისთვის ხარისხიანი სატრენინგო პროგრამების ძლიერი სისტემის შექმნა", - ამბობს UNICEF-ის კომუნიკაციის პროგრამის ხელმძღვანელი, მაია ქურციკიძე.


ახალი ინიციატივა, რომელიც გიორგი კვირიკაშვილის აზრით, დადებითად იმოქმედებს ბაგა-ბაღებისთვის განკუთვნილ ბიუჯეტზე ჯერ დამუშავების ეტაპზეა. თუმცა, ეკონომისტებს ჯერ უჭირთ იმის თქმა, თუ რამდენად ეფექტურად აისახება შეძლებული ოჯახების მიერ შემოტანილი გადასახადი საქართველოს ბიუჯეტზე, რომელიც, თავის მხრივ, მუნიციპალიეტეტბსა და საბავშო ბაღების გაერთიანებებში უნდა გადანაწილდეს.

არასამთავრობო ორგანიზაცია " კივიტას გეორგიკაში" აცხადებენ, რომ ვიდრე საფასურის განსაზღვრა და შესაბამისი გადამხდელების ჩამოყალიბება არ მოხდება მანამდე ეკენომიკურ სარგებელზე საუბარი ნაადრევია. თუმცა, აღნიშნავენ, რომ საბედნიეროდ საქართველოში არსებობენ ოჯახები, რომელთაც შეუძლიათ ბავშვის სწავლის საფასური საბავშვო ბაღში გადაიხადონ.

"იყო ისეთი პერიოდი, როდესაც სახელმწიფომ ამ საფასურზე უარი განაცხადა. ეს ეკონომიკას არც ისე და არც ასე არ დაანგრევს, სახელმწიფომ აიღო პასუხიმგებლობა, რომ თავად აიღებდა გადასახადს საკუთარ თავზე. რამდენად გაამართლა ეკონომიკურად რთული სათქმელია. თუმცა, სოციალურად გაამართლა, რადგან კარგია როდესაც ადამიანი არაფერში ფულს არ იხდის, როდესაც ბავშვი დაყავს საბავშვო ბაღში. საქართველოში არიან საბადნიეროდ ისეთი ოჯახები, რომლებსაც შეუძლიათ თავიანთი შვილების სწავლის საფასური გადაიხადონ პოლიტიკური ხელისუფლება რა გადაწყვეტილებას მიიღებს ეს რთული სათქმელია. თუმცა, ფაქტია, რომ ამ საფასურს ვერ გადაიხდის ყველა, რადგან არიან ოჯახები, რომლებსაც არ აქვთ ამის შესაძლებლობა და ეს მათ არც უნდა შეეხოთ", - განმარტავს არასამთავრობო ორგანოზაცია "კივიტას გეორგიკას" პროექტების მენეჯერი, ალექსანდრე კალანდაძე.

მისი თქმით, წინასწარ იმის თქმა თუ რა თანხის გამოთავისუფლებაზე არის საუბარი ძნელია.

"არც ის ვიცით საბავშვო ბაღებში არსებული მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობა, რომ მსუბუქ ფორმებში გადაიზარდოს ამას რა თანხების სჭირდება. ანუ არ არსებობს ინსტიტუციები, რომელიც ამის მოსაგვარებლად ერთიან დონეზე მუშაობენ", - აღნიშნავს ალექსანდრე კალანდაძე.

ამ დროისთვის საბავშვო ბაგა-ბაღებში (სახელმწიფო ბაღები) 2013 წლიდან უფასოა. მანამდე კი, თვეში გადასახადი თანხა 14 ლარს შეადგენდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა
პაპუაშვილი აირჩიეს.
15:42 / 25.11.2024
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარედ კვლავ შალვა პაპუაშვილი აირჩიეს.
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.
13:14 / 25.11.2024
მე-11 მოწვევის პარლამენტმა 150 დეპუტატის უფლებამოსილება ცნო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.