ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები
2018 წლის აპრილში გაიმართება.
ამის შესახებ ქუთაისიპოსტს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში
განუმარტეს.
ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური
არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი
მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული
საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების
შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები აპრილში ან
ოქტომბერში იმართება.
"თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდა 15 თებერვლიდან 15
ივლისამდე, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები იმართება
იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ პარლამენტის წევრს უფლებამოსილება
შეუწყდა 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე, მაშინ − უახლოეს აპრილში,"-
განმარტებულია საარჩევნო კოდექსის 129-ე მუხლში.
გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან
მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე გახლდათ. საკანონმდებლო ორგანოში ის
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს თავმჯდომარეობდა,
ასევე იყო ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი.
მასალის გამოყენების პირობები