"ქუთაისში მოქმედი მუზეუმებისთვის საერთო სივრცის მოწყობა", -
2019 წელს ქუთაისის მერიის მხრიდან გაჟღერებული იდეაა.
იდეა მოიწონეს, თუმცა მისი ამოქმედება 2021 წლისთვისაც არ მოხერხდა.
Მიზეზი სახელმწიფოს საკუთრებაში მყოფი შენობის მოძიების სირთულე
გახდა. თავის დროზე იდეის ხორცშესხმას დაფინანსებისთვის დონორების
ვერმოძიებამაც შეუშალა ხელი.
"ეს ერთობლივი იდეა იყო ჩვენი და რამდენიმე დონორთან გვქონდა
მცდელობა ამ იდეის მხარდაჭერისთვის, მაგრამ დაფინანსება არ
მიგვიღია…მხოლოდ მუზეუმებზე არ გვქონდა საუბარი, მულტიფუნქციურ
შენობაზე ვფიქრობდით, სადაც სხვადასხვა სივრცე იქნებოდა
ერთად", - აღნიშნავს ნინო თვალთვაძე, რომელიც 2019 წელს
ქუთაისის ვიცე-მერი იყო და მუზეუმების ერთ სივრცეში გაერთიანების
იდეის ერთ-ერთი ავტორიც გახლდათ.
სადღეისოდ იდეას შორეულ მომავლში განსახორციელებელთა სტატუსი
მიეცა.
ქუთაისში სულ, ერთი გალერეა და 6 მუზეუმია, ესენია:
ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ზაქარია ფალიაშვილის მემორიალური
სახლ-მუზეუმი, სპორტის, საბრძოლო დიდების, ტელე-კინო-მატიანესა და
შემოქემდებით სახლი "ჯარისკაცის მამა" მუზეუმები.
მათგან ისტორიულ მუზეუმს სხვა მუზეუმებთან ერთ სივრცეში
გაერთიანების იდეა არ ეხებოდა. ისტორიული მუზეუმი, რომელიც
კულტურის სამინისტროზეა დაქვემდებარებული, მუზეუმებიდან ყველაზე
დიდია, მაგრამ საგამოფენო დარბაზების სიმცირე მასაც აწუხებს,
ამიტომ ექსპონატების ნაწილი დასაწყობებულია.
ექსპონატების განთავსებისათვის ერთი პერიოდი საუბარი იყო
მუზეუმისათვის ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ყოფილი
შენობის გადაცემასა და ათვისებაზე, თუმცა საბოლოოდ მუზეუმს კულტურის
სამინისტროსა და ქალაქის მერიის ერთობლივი გადაწყვეტილებით, არქივის
ყოფილი შენობა გადაეცა, სადაც მუზეუმის ბიბლიოთეკა
გადავიდა.
სადღეისოდ საუბარია ისტორიული მუზეუმის ეზოს რეკონსტრუქციის
შესახებაც, თუმცა ამ იდეას ჯერჯერობით კონკრეტული ფორმა არ
მისცემია.
მეტ კონკრეტიკას შეიცავს მომავალ წელს ზაქარია ფალაიშვილის
მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის საკითხი.
"Შეიძლება მოხდეს ზაქარია ფალიაშვილის
სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია. კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოსთანაა
შესათანხმებელი და რთული საკითხია. გვინდა, კულტურული მემკვიდრეობის
სააგენტოს გავაკეთებინოთ პროექტი. ვნახოთ როგორ გამოვა. დიდი
ალბათობით შესაძლებელია მომავალ წელს მისი რეაბილიტაციაც", -
აღნიშნავს ააიპ „კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო
დაწესებულებათა გაერთიანების“ ხელმძღვანელი ვაჟა ჯუღელი.
სარეაბილიტაციო პროექტი უკვე შემუშავებულია რეჟისორ რეზო-ჩხეიძის
სახლ-მუზეუმისთვის. მერია ამ დოკუმენტის მუნიციპალური განვითარების
ფონდისთვის წარდგენას აპირებს და ფონდიდან მხარდაჭერასაც
იმედოვნებს.
სამაგიეროდ, მგფ-დან უკვე მხარდაჭერილია ქუთაისის დავით კაკააბძის
სახელობის სახვითი ხელოვნების გალერეა-ის რემონტი. მომავალი წლიდან
მნიშვნელოვან სიახლეს ელოდებიან.
გალერეას სრული რეკონსტრუქცია ჩაუტარდება. მუნიციპალური განვითარების
ფონდმა მსოფლიო ბანკისაგან მიიღო დაფინანსება რეგიონული განვითარების
მესამე პროექტის (
RDP III) განსახორციელებლად. გალერეის რეკონსტრუქცია
აღნიშნული პროექტის (
RDP) ფარგლებში მიმდინარეობს. მგფ-მ ტენდერის გზით უკვე
შეარჩია კომპანია, ვინც არქიტექტურულ პროექტზე მუშაობს.
რეაბილიტაციისა და ადაპტაციისთვის დეტალური საპროექტო
დოკუმენტი შვიდ თვეში უნდა გამზადდეს.
"გაკეთდება ყველაფერი, რასაც გალერეა უნდა მოიცავდეს, რომ მან
თავისი საქმიანობა სრულფასოვნად განახორციელოს. სადეზინფექციო,
სარესტავრაციო ოთახები, მაღაზია და ა.შ. ყველა
საერთაშორისო დონის მუზეუმს რაც უნდა ქონდეს, ის ექნება.
ვიზიტორმა გალერეაში უნდა მიიღოს სრული ინფორმაცია და რაც შეიძლება
კარგად იგრძნოს თავი", - ამბობს გალერეის დირექტორი ელისო
ჩოგოვაძე.
გარდა არსებული სარემონტო ოთახებისა, გალერეა საჭიროებს დამატებით
სივრცეებს მისი მდიდარი ფონდებში დაცული ექსპონატების გამოსაფენად.
Სარეაბილიტაციო პროექტში ამ პრობლემასაც უნდა მოუძებნოს
გამოსავალი.
"ჩვენ გვინდა რომ შენობა იყოს გაცილებით დიდი ვიდრე დღეს
არის. ფართის უქონლობა პრობლემაა. ფონდებში სივიწროვე
ნამუშევრების დაზიანების საშიშროებას ქმნის. ძალიან მდიდარი ფონდი
გვაქვს, რომელსაც რამდენიმე დარბაზი ჭირდება გამოსაფენად. ფართის
დამატების საშუალება იქნებ გამოინახოს ამ ახალი პროექტის
ფარგლებში", - ამბობს გალერეის დირექტორი.
გალერეის სრული რესტავრაციისთვის რა თანხები დაიხარჯება, რისი
გაკეთება და ვერ გაკეთება მოხერხდება ამას რეაბილიტაციისა და
ადაპტაციისთვის დეტალური საპროექტო დოკუმენტი გაარკვევს.
მასალის გამოყენების პირობები